16 აპრილი 2024,   11:17
ვრცლად
ჩვენი გადასაწყვეტია, გავიკეთებთ ამ ტესტებს თუ არა - მამა დიმიტრი ვეკუა სასულიერო პირების მასობრივ გამოკვლევაზე

სასულიერო პირთა ნაწილი COVID-19-ის ინფექციაზე ტესტირებასთან დაკავშირებით პოზიციის ჩამოსაყალიბებლად საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ელოდება.  

სამების საპატრიარქო ტაძრის ეკონომოსი, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით ისე მოიქცევა, როგორც ამას საპატრიარქო გადაწყვეტს. 

"ჩვენ ვართ ეკლესია, ვემორჩილებით საპატრიარქოს. რასაც გვეტყვის საპატრიარქო, აუცილებლად იმას გავაკეთებთ. წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყოთ. თუ ჩვენ საპატრიარქო გვეტყვის, რომ შეიძლება ამის გაკეთება, აუცილებლად გავაკეთებთ,"- განაცხადა არქიმანდრიტმა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივნის, დიმიტრი ვეკუას განცხადებით, COVID-19-ის ინფექციაზე მასობრივ ტესტირებაში სასულიერო პირთა ჯგუფის მოხვედრაზე ინფორმაცია მისთვის სიახლეა. 

"ეს სიახლეა ჩვენთვის. ახალი ამბავია, პირველად გავიგეთ ამის შესახებ და პირველად გაჟღერდა საზოგადოებაში ფართოდ ეს ინფორმაცია. არ ვიცით, საერთოდ, რა სახის და რომელ ტესტებზეა საუბარი. მესმის, რომ მთავრობას სურს, ეს პროცესი კონტროლს დაუქვემდებაროს. აუცილებლად ვიმსჯელებთ ამის შესახებ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს ჩვენი გადასაწყვეტია - გავიკეთებთ ამ ტესტირებას, თუ არ გავიკეთებთ,"- განაცხადა სასულიერო პირმა. 

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 1-ლ აპრილს დამტკიცებული ალგორითმის თანახმად, COVID 19-ზე მასობრივ ტესტირებას ექვემდებარებიან შემდეგი ჯგუფები: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის, მონასტრებში მყოფი ადამიანებიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები