18 აპრილი 2024,   23:17
ვრცლად
კორონავირუსი მსოფლიოში და საქართველოს სამეზობლოში - ინფიცირებულთა რიცხვმა 1 600 000-ს გადააჭარბა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 16 697 შეადგინა. სულ ქვეყანაში გამოვლენილია COVID-19-ით ინფიცირების 468 ათასზე მეტი შემთხვევა. ყველაზე რთული ვითარება ნიუ-იორკშია, სადაც კორონავირუსით ხუთი ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. უაიომინგი ამერიკის ერთადერთი შტატია, სადაც კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბოლო სამი კვირის მანძილზე, სამსახური 16 მილიონზე მეტმა ამერიკელმა დაკარგა.ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აპრილის შუა რიცხვებში, ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.

"ამ დროისთვის ისევ იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობა. მნიშვნელოვანია რომ მოსახლეობა ითვალისწინებს მთვარობის რეკომენდაციას და რჩება სახლში. შემცირებულია საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევები. ეს კი იმას ნიშნავს რომ კორონავირუსთან ბრძოლის გზაზე სწორი მიმართულებით მივდივართ. ჩვენი მუშაობის ტაქტიკა ამართლებს და ვაგრძელებთ მის შესრულებას," - აღნიშნა აშშ-ის ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ.

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ეპიდემიის პიკი იყო, ახალი შემთხვევების რაოდენობამ ნელ-ნელა იკლო. იტალიაში სადაც კორონავირუსით მსოფლიოში ყველაზე მეტი გარდაცვლილია, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 143 ათას გასცდა. ესპანეთში კი 15 ათასზე მეტი ფატალური და ინფიცირების 153 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. გერმანიის კანცლერი მოსახლოებას მოთმინებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ საზოგადოებას კორონავირუსთან ერთად ცხოვრება მოუწევს მანამ, ვიდრე ვაქცინას არ გამოიგონებენ. გერმანიაში ინფიცირებულთა რიცხვი 118 ათას გასცდა.

"საჭიროა მოთმინება. ბევრია დამოკიდებული იმაზე, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან დისტანცია შეინარჩუნონ და ხელები ხშირად იბანონ. მიუხედევად იმისა, რომ ვირუსის გავრცელების დინამიკა მცირედით შემცირდა ქვეყანაში, ვირუსი არ გაქრება მანამდე, სანამ ვაქცინას არ გამოიგონებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ვირუსთან ერთად უნდა ვიცხოვროთ," - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერი კორონავირუსის გამო საავადმყოფოში 4 აპრილს გადაიყვანეს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 65 000 შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილია 8 000-მდე ადამიანი.

"ძალიან გამიხარდა ბორის ჯონსონის გამოჯანმრთელების ამბავი, ჯანმრთელობას ვუსურვებ მისი ოჯახის წევრებს, წარმომიდგენია როგორი შვებაა მათთვის ეს ამბავი. დარწმუნებული ვარ ჯონსონის პალატაში გადაყვანა მთელი ქვეყნისთვის სასიხარულო ამბავია, ახლა მთავარია ვიზრუნოთ პრემიერის დროულად დაბრუნებაზე," - განაცხადა "ლეიბორისტური პარტიის" ლიდერმა კირ შტარმერმა.

თურქეთში, ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ით კიდევ 96 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსს 908 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დრომდე გამოჯანმრთელება შეძლო 2 142-მა ადამიანმა. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 921-ს მიაღწია, გარდაცვლილია 10 ადამიანი. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის პროგნოზით, იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირების დინამიკა მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდება, 10 დღეში ქვეყანაში უკვე 1800 ინფიცირებული იქნება. აზერბაიჯანში COVID-19-ით ინფიცირების 104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსი 926 ადამიანს აქვს დადასტურებული. მათგან 38 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. 2203-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა უკრაინაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილია 69 ადამიანი. და ბოლოს, რაც შეეხება ოკუპანტ რუსეთს, მოსკოვში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ოფიციალური სტატისტიკით, სულ რუსეთის დედაქალაქში COVID-19-ით 76 ადამიანია გარდაცვლილი.

"პირველ ადამიანს, რომელსაც მოსკოვში კორონა ვირუსი დაუდასტურდა, ჯერ ისევ ზედამხედველობის ქვეშაა, ჩვენ არ ვიცით კორონავირუსის ურთიერთქმედება მის იმუნურ სისტემასთან, ამიტომ მკურნალობის პროცედურა ისევ გრძელდება," - განაცხადა მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსეი ხრიპუნმა.

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს დიდმარხვის ყველაზე მძიმე დღეს- წითელ პარასკევს აღნიშნავს. კორონავირუსის გამო იერუსალიმში, ვია დოლოროსას ქუჩაზე, ტრადიციული მსვლელობა დღეს არ გაიმართება. სავარაუდოდ წელს ყოველწლიური ტრადიციაც დაირღვევა და რომის პაპი ტრადიციული ფეხთბანვის ცერემონიას არ გამართავს.

მსოფლიოში ამ დროისთვის 1 600 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ვირუსმა უკვე თითქმის 96 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. COVID-19-ის დამარცხება თითქმის 357ათასამდე ადამიანმა შეძლო.

დღის ამბები