24 აპრილი 2024,   15:12
ვრცლად
პატიმრებს ექნებათ საუბრის არა 15, არამედ 30 უფასო წუთი - იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, პაემნების აკრძალვის კომპენსაციის მიზნით, პატიმრებს თვის განმავლობაში არა 15, არამედ 30 წუთის უფასო ზარის განხორციელება შეეძლებათ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დამატებით 15 წუთის სასაუბრო დრო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დონაციის შედეგია. 

"იცით, რომ 16 მარტს პატიმრებს 15 წუთიანი უფასო სასაუბრო დრო დავუმატეთ. ეს მთლიანად არის მოლაპარაკებების შედეგი და იმ კერძო კომპანიების დამსახურება, რომლებიც ციხეებს ემსახურება. მინდა, მათ კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა, რადგან მათ ეს 15 წუთი ყველა პატიმარს უფასოდ მისცეს. ასევე, მადლობა ეკუთვნის მთავარ პროკურატურასაც, რომელმაც იმ ბრალდებულებს მოუხსნა შეზღუდვა, რომლებსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ოჯახთან და სხვა გარეშე პირებთან საუბრის აკრძალვა ჰქონდათ. გუშინ, ამ 15 წუთს დაემატა კიდევ ახალი პერსპექტივა, რომელიც ტექნიკურად 1 კვირის ვადაში გაიმართება. ეს არის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დონაცია. მინდა, საქართველოში მათ ხელმძღვანელს, მის მთელ გუნდს მადლობა ვუთხრა, რადგან ისინი დამატებით 15 წუთს დააფინანსებენ. შესაბამისად, 1 კვირის ვადაში ჩვენს პატიმრებს ექნებათ საუბრის არა 15, არამედ 30 უფასო წუთი, იმ პაემნების აკრძალვის ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით, რომელიც ჩვენ დავაწესეთ. სხვა გამოსავალი, ვირუსთან ეფექტური ბრძოლის მიზნებიდან გამომდინარე, არც გვქონდა," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

დღის ამბები