20 აპრილი 2024,   13:29
ვრცლად
ცაგერისა და ლენტეხის 4 საავადმყოფოდან 2 ცხელების ცენტრად გადაკეთდა - მხარის რწმუნებული

COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა, სადაც მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგი უტარდებათ. სპეციალური ზომების მიღება ლენტეხში დაფიქსირებულ შემთხვევებს უკავშირდება.

რეგიონში არსებულ ვითარებაზე "დღის კურიერის" პირდაპირ ეთერში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ ისაუბრა. რწმუნებულის ინფორმაციით, ამ დროისთვის თერმოსკრინინგი გაიარა 400-მდე ადამიანმა.

მისივე თქმით, პარალელურად, თერმოსკრინინგი მიმდინარეობს რისკის შემცველ სოფელ მელესა და დაბა ლენტეხში. როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, გუშინ თერმოსკრინინგისას ტემპერატურა 5 ადამიანს დაუფიქსირდა, თუმცა დღეს, განმეორებით შემოწმებისას, ცხელება მოიხსნა. 

როგორც არჩილ ჯაფარიზე ამბობს, დღის ბოლოს 11 ადამიანის ტესტირების პასუხს ელოდებიან.

რწმუნებულმა აღნიშნა, რომ რეგიონში COVID-19-ის გამოვლენისთვის ყველა საჭირო პირობა შექმნილია. მისი თქმით, არსებული 4 საავადმყოფოდან 2-მა პროფილი შეიცვალა და ცხელების ცენტრად გადაკეთდა, თუმცა, კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, პაციენტებს თბილისისა და ქუთაისის შესაბამის კლინიკებში გადაიყვანენ.

 

 

დღის ამბები