24 აპრილი 2024,   15:16
ვრცლად
შიდა გადადების ფაქტები იმერეთში - ვანსა და თერჯოლაში ეპიდემიოლოგები ვირუსის შეღწევის პირველწყაროს ამ დრომდე ეძებენ

იმერეთის რეგიონში კორონავირუსის შიდა გადადების ფაქტი დღეს მეორედ დაფიქსირდა. ვანის შემდეგ, თერჯოლის მუნიციპალიტეტში 65 წლის ქალს COVID-19 დაუდასტურდა, ის თანდაყოლილი ქრონიკული დაავადებების მატარებელია. ქალი სოფელ ღვანკითში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ინფიცირებულის ნათესავი "კურიერთან" ყვება, რომ გაურკვეველია, რა შეიძლება გამხდარიყო ინფიცირების წყარო.

თერჯოლაში ინფიცირების წყაროს მოკვლევა უკვე აქტიურად დაიწყეს ეპიდემიოლოგებმა. დღეს, დაავადებათა კონტროლის იმერეთის ოფისის წარმომადგენლებმა სოფელ ღვანკითიდან, დაინფიცირებულის ოჯახის წევრები საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. მათ COVID ინფექციაზე ტესტირება ჩაუტარდებათ. ეპიდემიოლოგების თქმით, ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს კონტაქტების დადგენაც.

65 წლის ქალი თერჯოლის ცხელების ცენტრში ორი დღის წინ გადაიყვანეს. პნევმონიის დადგენის შემდეგ კი, ექიმებმა ტესტის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. პაციენტი მკურნალობას ქუთაისში განაგრძობს. ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის განმარტებით, ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თვითიზოლაციის რეჟიმში ცხოვრება უწევს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოში მაცხოვრებელ რამდენიმე ოჯახს, თუმცა ეს თერჯოლაში ინფიცირებულ ქალს არ უკავშირდება. საზანოში რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ოჯახში სუფრასთან ვანის კლასტერში დაინფიცირებული მამაკაცი იმყოფებოდა. ამ დროისთვის ადგილზე სიტუაციის კონტროლს სოფლის ამბულატორია ახორციელებს. ადგილობრივების თქმით, მათი ტესტირება არ ჯერჯერობით არ ჩატარებულა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, დღეს, იმერეთის გუბერნატორმაც ისაუბრა. ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ხელისუფლება მედიკოსებთან ერთად ადგილზე აქტიურად მუშაობს. თუმცა ჯერჯერობით ქალაქის შესასვლელებთან საპოლიციო ბლოკ-პოსტების მოწყობა არ იგეგმება.

ბოლო მონაცემებით, იმერეთის რეგიონში COVID-19-ით შიდა გადაცემის გზით ინფიცირების ორი შემთხვევა ფიქსირდება. ვანსა და თერჯოლაში ეპიდემიოლოგები ვირუსის შეღწევის პირველწყაროს ამ დრომდე ეძებენ. ამის გამო, საპოლიციო კონტროლი ვანში უკვე გამკაცრდა. რა დამატებით ზომებს მიიღებს ხელისუფლება ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები