19 აპრილი 2024,   13:31
ვრცლად
სოფელ მელეში შემოწმებისას 2 პირს ტემპერატურა გამოუვლინდა - რწმუნებულის თქმით, ისინი რისკჯგუფში არ წარმოადგენენ

ლენტეხის მაცხოვრებლების თქმით, მუნიციპალიტეტში პროდუქტის და მედიკამენტების დეფიციტი არაა. როგორც ადგილობრივებმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადეს, ადგილობრივი ხელისუფლებისგან პირობა მიიღეს, რომ მუნიციპალიტეტი სისტემატურად მომარაგდება და საკარანტინო პერიოდში, თუ მოსახლეობას რაიმე დახმარება დასჭირდება, ისინი ამას დროულად მიიღებენ.

ეპიდემიოლოგები მუშაობენ სოფელ მელეში. სადაც დღევანდელი შემოწმებისას ტემპერატურა მხოლოდ 2 ადამიანს გამოუვლინდა. მოხდა 50-მდე ოჯახის საცხოვრებელი ეზოების სრული დეზინფექცია.

"თითქმის მთელი სოფელი ყველა ოჯახი კარდაკარ დავიარეთ, ყველა ოჯახის წევრი შევამოწმეთ, ჩატარდა თერმოსკრინინგი, ტემპერატურის მატება 37 გრადუსი გამოუვლინდა მხოლოდ ორს. სხვათა შორის შფოთვაც არ აღინიშნება ისეთი როგორც ველოდით, ყველა იცავს თვითიზოლაციის წესებს," - განაცხადა ეპიდემიოლოგმა.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე აცხადებს, რომ რეგიონში მაქსიმალური კონტროლი ხორციელდება, ის 2 პიროვნება კი, რომელთაც შემოწმებისას ტემპერატურის მატება აღენიშნათ, მაღალი რისკ-ჯგუფში არ შედიან, რადგან არ წარმოადგენენ ინფიცირებულთა პირველად კონტაქტებს  

"პირველადი კონტაქტი ამ ორ ადამიანს არ ქონია, ანუ მაღალი რისკის ჯგუფში ეს ორი პიროვნება არ შედის, ეპიდემიოლოგები ადგილზე არიან და მუშაობენ არა მარტო სოფელ მელეში, ყველა დამატებით კონტაქტს სწავლობენ და მაქსიმალური კონტროლი ხორციელდება პირველად და მეორად კონტაქტებზე," - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

ლენტეხში შეზღუდვების დაცვაზე კონტროლს შსს-სა და თავდაცვის ძალები ახორციელებენ.

"აკრძალულია ყველანაირი გადაადგილება, როგორც შიგნით, ასევე ლენტეხიდა გამოსვლაც, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა და ეს ეხება, რა თქმა უნდა, სამედიცინო კუთხით თუ ვინმეს სჭირდება დახმარება," - აცხადებს დასავლეთ საქართველოს სარდლობის ხელმძღვანელი ჯონი ტატუნაშვილი.

შეგახსენებთ, ლენტეხის მუნიციპალიტეტი და სოფელი მელე მაღალი რისკის ზონად მას შემდეგ გამოცხადდა, რაც იქ 4 ადამიანს კორონავირუსი აღმოაჩნდა. დაინფიცირებულები კონტაქტში იყვნენ თბილისიდან ლენტეხში ჩასულ მამაკაცთან, რომელსაც კორონავირუსი 2 დღის წინ აღმოაჩნდა და რომელიც ეროვნული ბანკის კლასტერს წარმოადგენს, აღნიშნული პირი, კორონავირუსის დადასტურებამდე იმყოფებოდა სოფელ მელეშიც.

 

დღის ამბები