24 აპრილი 2024,   00:18
ვრცლად
მოუწევს თუ არა ქვეყანას საგანგებო რეჟიმში ცხოვრება 21 აპრილის შემდეგ - საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას მიიღებს

გახანგრძლივდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა - ვადის ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე თემა აქტუალური გახდა. საკითხი კენჭისყრაზე არ დაუყენებიათ, თუმცა ბიუროს სხდომაზე პოლიტიკური მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი საგანი იყო. ოპოზიციამ დღეს მმართველ გუნდს გარკვევით უთხრა, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარს უპირობოდ აღარ დაუჭერს. მხარდაჭერის სანაცვლოდ ხელისუფლებას დეტალური ანტიკრიზისული გეგმა და კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ოპოზიციის აქტიური ჩართვა მოსთხოვა.

პოლიტიკური ოპონენტების შენიშვნებსა და კრიტიკაზე საპასუხოდ, დღეს უმრავლესობას ბიუროს ფორმატში მოუწია განმარტებების გაკეთება. მმართველმა გუნდმა საგანგებო მდგომარეობისა და მის ფარგლებში ამოქმედებული შეზღუდვების აუცილებლობა საკუთარი არგუმენტებით ახსნა. თუ ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით შესრულდება, პარლამენტის თავმჯდომარემ არ გამორიცხა მაისიდან შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც.

21 აპრილის შემდეგაც მოუწევს თუ არა ქვეყანას საგანგებო რეჟიმში ცხოვრება - თემაზე დღეს პოლიტიკური განცხადებები არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც დილიდან კეთდებოდა. აქაც, საგანგებო მდგომარეოების ვადის გახანგრძლივების მხარდაჭერა დეტალურ და ანტიკრიზისულ გეგმასა და კონკრეტულ სოციალურ პაკეტზე გადის.

კითხვაზე, გახანგრძლივდება თუ არა საგანგებო რეჟიმი - ოფიციალური პასუხი უმრავლესობას დღეს ჯერჯერობით არ აქვს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს და გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო სპეციალისტებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღებს. მმართველი გუნდი ანტიკრიზისული გეგმის გასაჯაროებასაც უახლოეს დღეებში აანონსებს.

21 მარტს ამოქმედებული ერთთვიანი საგანგებო რეჟიმს მოქმედების ვადა 21 აპრილს ეწურება. საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას მიიღებს და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის.

დღის ამბები