25 აპრილი 2024,   17:56
ვრცლად
ექიმები ტესტის პასუხის მოლოდინში - ვისგან დაინფიცირდა 38 წლის კარდიოლოგი, კვლავ უცნობია

თბილისის მედიცინის ინსტიტუტში კარანტინი გამოცხადდა.

30 თანამშრომელი, რომლებიც კოვიდ-19-ით ინფიცირებულ ექიმთან შემხებლობაში არ იყვნენ, მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდნენ.  ექიმები სამედიცინო ცენტრ "თიმის" შენობას საკარანტინო რეჟიმის გამო აღარ ტოვებენ. ის ექიმები, რომლებიც რისკჯგუფში არ მოხვდნენ, საავადმყოფოში დარჩენილი 10 პაციენტის მკურნალობას განაგრძობენ.

კლინიკა კარანტინში მას შემდეგაა, რაც 38 წლის კარდიოლოგს კორონავირუსი დაუდგინდა. დილიდან კარანტინში მოხვედრილებთან ოჯახის წევრები მოდიოდნენ, ისინი პირველად ნივთებსა და საკვებს შესასვლელ კართან ტოვებდნენ.

"კურიერმა" ინფიცირებული 38 წლის ქალის შესახებ ყველა ინფორმაცია მოიძია, თუმცა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით მხოლოდ აუცილებელ ფაქტებს ვასაჯაროებთ. ირკვევა, რომ ექიმის ოჯახის წევრიც ამავე კლინიკის თანამშრომელია, რომელიც სხვა ექიმებთან ერთად კარანტინში იმყოფება. ასევე, "კურიერის" ინფორმაციით, კარდიოლოგი სამსახურში ბოლოს, გასული კვირის ოთხშაბათს იმყოფებოდა, ტემპერატურამ მატება კი პარასკევს დაიწყო. მან ტესტი მეუღლესთან ერთად გაიკეთა და შაბათს ვირუსი მხოლოდ მას დაუდასტურდა, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს.

კარანტინში იმყოფება სამედიცინო ცენტრის დირექტორიც - მისი თქმით, ექიმი ყველა მითითებას ასრულებდა და მას არ აქვს მოგზაურობის ისტორია.

ვისგან გადაედო 38 წლის ექიმს კორონავირუსი, ჯერ უცნობია. ლუგარის ლაბორატორიის ტესტირება სრულად არ დასრულებულა, თუმცა ცნობილია, რომ კვლევა ჩატარდა შემხებლობაში მყოფ 5 პაციენტზე და 30-მდე თანამშრომელზე, მათ შორის, იმ პირების ტესტირება მოხდა, რომლებსაც ცხელება აღენიშნებოდათ. ლუგარის ლაბორტორიის კვლევის შედეგების ნაწილმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.

თბილისის მედიცინის ინსტიტუტის მსგავსად, პაციენტების მიღება დროებით გააჩერა ქართულ-ჰოლანდიურმა კლინიკამ. სამედიცინო დაწესებულებაში 30-მდე პირი კარანტინშია გადაყვანილი. გამომდინარე იქიდან, რომ არცერთ პირს კოვიდინფექციის სიმპტომები არ აღენიშნება, საქმეში ლუგარის ლაბორატორია ჯერ არ ჩართულა.

მუხიანში მდებარე ამ სამედიცინო დაწესებულებაში "კოვიდ-19" პაციენტს დაუდგინდა, რომელმაც კლინიკაში 6 დღე გაატარა და ექიმების გარდა, სარეგისტრაციო და ტექნიკურ დეპარტამენტებთანაც ჰქონდა კონტაქტი. დილიდან ამ კლინიკაშიც პაციენტების ოჯახის წევრები შენობაში ვერ შედიან და ნივთებს დაცვის თანამშრომლების დახმარებით აგზავნიან.

სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი იმ ხუთი ექიმის ლაბორატორიული კვლევის შედეგი, რომელიც ერთი სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები არიან და მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიან. სამედიცინო სფეროს წარმომადგენელბის ტესტირება დღეს მოხდა, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ამ დრომდე, "ქართულ-ჰოლანდიურ" კლინიკასა და "თიმში" პაციენტები მკურნალობას განაგრძობენ დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციით.  დაწესებულებიდან მათი გაყვანის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას.

დღის ამბები