20 აპრილი 2024,   12:35
ვრცლად
2 მილიონ 219 ათასზე მეტი ინფიცირებული და 150 ათასამდე გარდაცვლილი მსოფლიოში - აშშ კვლავ წითელ ზონად რჩება

შეერთებულ შტატებში ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად რამდენიმე ათეული ათასით მატულობს. დრამატულად იზრდება შემთხვევები პოლიციელებსა და სამხედროებში. კორონავირუსი უკვე 2 ათას 800-ზე მეტ ჯარისკაცს დაუდგინდა. ქვეყანაში ვირუსით 34 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული. ინფიცირებულთა რიცხვი კი 681 ათას გასცდა. საგანგაშო სტატისტიკის მიუხედავად, შტატები შეზღუდვების თანდათანობით მოხსნას იწყებს.

შეერთებული შტატების ყველაზე მეტად დაზარალებულ ნაწილში, ნიუ-იორკში უმძიმესი კადრებია გადაღებული. ვიდეოში იმ ათეულობით პაციენტის ცხედარი ჩანს, რომელთა გადარჩენაც მედიკოსებმა არასაკმარისი რესურსის გამო ვეღარ შეძლეს. ნიუ-იორკში კარანტინი 15 მაისამდე გახანგრძლივდა.

შეერთებული შტატების არა ერთი ბრალდების შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა შეცვალა. განახლებული ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 1 290-ით გაიზარდა, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებლის თითქმის 50%-იანი ზრდაა. ოფიციალურ პეკინში აცხადებენ, რომ საერთო მონაცემებს საავადმყოფოებს გარეთ გარდაცვლილი ადამიანების სტატისტიკა დაემატა. ჩინეთმა იმ ბრალდებებსაც უპასუხა რომლის მიხედვითაც, COVID-19 თითქოს ჩინურ ლაბორატორიაში შეიქმნა. ქვეყნის საგარეო უწყებაში აცახდებენ, რომ ამის მტკიცებულება არ არსებობს.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები კვლავ მატულობს იტალიასა და საფრანგეთში, თუმცა ორივე ქვეყანაში იკლებს ინტენსიურ განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა. პანდემიის გამო, შეზღუდვების ხანგრძლივობა სამი კვირით გახანგრძლივდა დიდ ბრიტანეთში. გამკაცრებული ზომების შემსუბუქებას არ ჩქარობს გერმანიაც.

საგანგებო ზომებია მიღებული აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, უკრაინაში. ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა დღეს მრევლს კიდევ ერთხელ მიმართა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა უკრაინის ტაძრებში 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნა აკრძალულია. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 5 ათასამდე ადამიანი.

სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე ჩაივლის საბერძნეთშიც. კორონავირუსის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მრევლისთვის ეკლესიები დაიხურა. მსახურებას დახურულ ტაძრებში მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. სააღდგომო წირვა ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა. საბერძნეთში კორონავირუსის 2 207 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსით 105 ადამიანი დაიღუპა.

რუსეთში კი, ადგილობრივი მედიის ცნობით, ათობით კადეტი და ინსტრუქტორი, რომელიც 9 მაისის აღლუმისთვის რეპეტიციებს გადიოდა, კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფიცირებულებს შორის 31 პირი 15-დან 17-წლამდეა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 მაისის ღონისძიებები გადადო. ქვეყნაში ინფიცირებულთა რიცხვი კი 32 ათას გაცდა.

იმედისმომცემია იმ პაციენტების შედეგები რომლებმაც მკურნალობა "გილეადის" პრეპარატ "რემდესივირით" გაიარეს. ინფიცირებულების უმეტესობამ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კლინიკურ ცდებში, სადაც აღნიშნული ექსპერიმენტული მედიკამენტით მკურნალობდნენ, საავადმყოფოები რამდენიმე დღეში დატოვეს.

ავტორი: ანი მურადაშვილი

დღის ამბები