19 აპრილი 2024,   13:26
ვრცლად
ქვეყანა COVID-19-ის უკონტროლო გავრცელების ზღვარზეა, თუმცა ზოგიერთ ტაძარში სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობა ვერ დაინახეს

სოციალური დისტანციის და პირბადეების გარეშე, ექიმების ყველა რეკომენდაციის დარღვევით დაიწყო აღდგომის დილა ბათუმის ღვთიმშობლის სახელობის ტაძარში. ღვთისმსახურება დილის 7:00 საათზე დაიწყო და თავდაპირველად, მრევლი ფიზიკურ დისტანციას იცავდა, თუმცა ლიტონიობის დროს ყველა წესი დაირღვა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ აღდგომის ღამეს მრევლს ტაძარში მისვლისკენ თავშეკავება ურჩია და ლიტურგია მათ გარეშე ჩატარდა, დღეს დილიდან ბათუმის ყველა ტაძარში ხალხმრავლობა იყო.

მაშინ, როდესაც ქვეყანა კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების ზღვარზეა, სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობა ვერ დაინახეს ვერც ბაგრატის ტაძარში. სასულიერო პირებთან ერთად ათეულობით ადამიანი ლიტონიობაში პირბადეების და ყველა წესის დარღვევით მონაწილეობდა. ბაგრატის ტაძარში უახლოეს დღებში სავარაუდოდ, მრევლი ისევ შეიკრიბება. გამკაცრებული ზომების და ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის მიუხედავად მათ შეკრებისკენ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველმა იოანემ მოუწოდა.

ბაგრატის ტაძარში გაკეთებული განცხადების შემდეგ, მეუფე იოანე გამრეკელმა, კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა და მრევლს ტაძარში შეკრებისკენ ახლა უკვე 28 აპრილს მოუწოდა.

სოციალური დისტანცირება და უსაფრთხოების ზომები დაცული იყო დედაქალაქში მოქმედ ტაძრებში. მრევლმა აღდგომის დღესასწაულთან შესახვედრად ეკლესიებში მისვლა საღამოს კომენდანტის საათის გამოცხადებამდე დაიწყო. მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში, სადაც მრევლისთვის 2000 ადამიანზე გათვლილი სივრცე მოამზადეს, ბევრი ადამიანი არ მისულა. მრევლი, ვინც ლიტურგიაზე დასწრება გადაწყვიტა, წირვას ეზოში განთავსებული სკამებიდან, ნაწილი კი, სასულიერო სემინარიის ყოფილი შენობიდან ადევნებდა თვალს.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე ცარიელ ტაძარში გაიმართა ფოთში. ღვთისმსახურება მეუფე გრიგოლმა რამდენიმე სასულიერო პირთან, სტიქაროსნებთან და მგალობლებთან ერთად ჩაატარა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მიტროპოლიტმა მრევლს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო, ღვთისმსახურება მომდევნო დღეებში საგანგებო რეჟიმში, ექიმების რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება.

აღდგომის დღესასწაულს ღია ცის ქვეშ შეხვდა მრევლი ჭყონდიდის ეპარქიაში. ღვთისმსახურება მხოლოდ საკათედრო ტაძარში ჩატარდა, სადაც მოქალაქეებს სტიქაროსნებმა პირბადეები დაურიგეს. სპეციალური ხსნარებით ამუშავებდნენ ხატებს. სააღდგომო ლიტურგიას მრევლი ტაძარში დაესწრო ალავერდის საკათედრო ტაძარში. მრევლის ნაწილი ეზოში, ნაწილი კი ტაძარში სპეციალურად მონიშნულ ადგილზე იდგა. მრევლს თერმოსკრინინგით შემოწმების დროს სადეზინფექციო ხსნარები, პირბადეები და ე. წ. დამცავი ფარები დაურიგეს.

სააღდგომო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში დილით დასრულდა. მრევლმა კი, ეკლესიის დატოვება დილის 6 საათზე, კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ დაიწყო.

დღის ამბები