19 აპრილი 2024,   11:59
ვრცლად
ისრაელელმა ექიმებმა უჯრედული თერაპიით 100%-იანი შედეგი მიიღეს - რა ხერხებით ებრძვის მსოფლიო და საქართველო კორონავირუსს

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებამდე ექიმები კორონავირუსთან ბრძოლის ყველა მეთოდს ცდიან. ვირუსის მასშტაბების გაფართოებასთან ერთად ისრაელში ექიმების მიერ უჯრედული თერაპიით კოვიდ-19-ის დამარცხების მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. 100 პროცენტიანი შედეგი ექიმებმა ერთკვირიანი სამკურნალო პროცედურის დასრულების შემდეგ იმ პაციენტებთან მიიღეს, რომელთაც ვირუსისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი მძიმე ფორმით ჰქონდათ გამოხატული და კრიტიკულად მიიჩნეოდნენ.

პანდემიის დამარცხების მოლოდინის პარალელურად, წამყვანი მეცნიერები სამკურნალო პრეპარატების მასშტაბურ ტესტირებებს იწყებენ. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ოქსფორდის სამეცნიერო ჯგუფის მიერ შექმნილი წამლების გამოცდა 165 საავადმყოფოში მიმდინარეობს და მასში 5 000-ზე მეტი ინფიცირებული პაციენტია ჩართული. Covid-19-ის შესაძლო სამკურნალო მედიკამენტების ადამიანებზე გამოცდა შეერთებულ შტატებშიც აქტიურ ფაზაშია. მათ შორის არის "რემდესივირი".

ნიუ-იორკის სისხლის დონაციის ცენტრი აშშ-ში პირველი ორგანიზაცია გახდა, რომელმაც COVID-19-ის მკურნალობისთვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის შეგროვება დაიწყო. უკვე განკურნებული პაციენტების სისხლის ინფიცირებულებისთვის გადასხმა მკურნალობის ერთ-ერთ ხერხს წარმოადგენს, მისი გამოყენება ისეთი ინფექციების წინააღმდეგაც სცადეს, როგორიც H1N1, SARS და MERS-ია.

კოვიდ-19-თან ბრძოლის საკუთარი სამოქმედო გეგმაა შემუშავებული ჩვენი ქვეყნის შემთხვევაშიც. საქართველოში ვირუსთან გამკლავებას მსოფლიო წამყვანი ქვეყნების მაგალითებითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით ცდილობენ. მათ შორის გამოიყენება "პლაქვენილი". სწორედ ამ პრეპარატის გამოყენება გახდა უცხოეთში მყოფი ქართველი ექიმების კრიტიკის მიზეზი. სოციალურ ქსელში ამერიკაში მოღვაწე ზურაბ გურული განმარტავს, რომ პროტოკოლი ითვალისწინებს "პლაქვენილის" დანიშვნას უსიმპტომო კოვიდ-19-ით ინფიცირებული პირებისთვის, რაც არასწორია.

ინფიცირების დაბალი დონე, ლეტალობის მინიმალური მაჩვენებელი და გამოჯანმრთელებულების მაღალი ინდექსი - ქართველი ექიმები ამ შედეგებს სწორედ იმ პროტოკოლთან აკავშირებენ, რომლითაც ქვეყანა კოვიდ-19-ს, მათივე თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ეფექტურად ებრძვის. კოლეგების შენიშვნას კი, ტყუილსა და გამიზნულად გავრცელებულ დეზინფორმაციას უწოდებენ.

ის, რომ "პლაქვენილი" კოვიდ-19-თან ბრძოლის ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია, ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყანა ინფიცირებულებთან სწორედ ამ მედიკამენტს იყენებენ. ნიდერლანდებში მყოფი ქართველი ექიმიც ამას ადასტურებს.

მეცნიერები კორონავირუსის დასამარცხებელი მედიკამენტისა თუ ვაქცინის შექმნის აქტიურ პროცესს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. თუ როგორ განვითარდება პროცესი ჩვენს ქვეყანაში, ეს დამოკიდებულია მოსახლეობის თვითშეგნებასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე.

დღის ამბები