20 აპრილი 2024,   12:57
ვრცლად
"კორონავირუსი ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნილი არ არის" - მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვი 2.5 მლნ-ს გასცდა

"ახალი კორონავირუსი ცხოველური წარმოშობისაა და ის ხელოვნურად არ არის შექმნილი რომელიმე ლაბორატორიაში"- ასე უპასუხეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ბრალდებებს, თითქოს ვირუსი უხანის ლაბორატორიაში ხელოვნურად შეიქმნა. დღის განმავლობაში კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ტრამპის მოსაზრება ჯანმომ კიდევ ერთხელ უარყო და აღნიშნა, რომ ვაშინგტონისთვის ყველაფერი თავიდანვე ცნობილი იყო.

შტატების პოზიციას იზიარებს ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშეც”. მათი განცხადებით , ჩინეთში თავისუფალი მედიის არსებობის შემთხვევაში კორონავირუსის გავრცელება, ეპიდემიაში არ გადაიზრდებოდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 2 მილიონ ნახევარს გასცდა. აქედან ყველაზე მეტი დაღუპული და ინფიცირებული შეერთებულ შტატებშია. ქვეყანაში დაავადებულთა რაოდენობა 800 ათასს მიუახლოვდა. ფატალური შემთხვევების რაოდენობამ კი 43 ათასს გადააჭარბა.

"კოვიდ-19"- ის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს ზოგიერთი ქვეყანა ამკაცრებს, ზოგი კი ამსუბუქებს. აკრძალვებმა გერმანიაში კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევები მნიშვნელოვნად შეამცირა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის მთავრობა საზოგადოებას მოუწოდებს, იზოლაციის წესები დაიცვან. გერმანიაში ვირუსი 147 000-ზე მეტი ადამიანს დაუდგინდა, აქედან 5 000-მდე შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.

დიდ ბრიტანეთში კი, სადაც ეპიდაფეთქების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მონაცემებია, მთავრობის გადაწყვეტილებით დაიწყება ზრუნვა იმ ადამიანებზე, რომლებიც იზოლაციის წესების დაცვას ვერ მოახერხებენ. მოქალაქეებს, რომელთაც მანქანით გადაადგილება უწევს, ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები კლინიკებთან სპეციალურად მოწყობილ სივრცეში კორონავირუსის სიმპტომებზე ავტომობილშივე გასინჯავენ. 

კორონავირუსით ინფიცირების დინამიკა იზრდება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც. აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 38-ით გაიზარდა და 1 436 შეადგინა.

ახალი შემთხვევების რიცხვი იმატებს რუსეთშიც, სადაც, ერთ დღეში 4 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით დღეს მოსკოვში სასულიერო პირიც დაიღუპა. რუსეთის მსგავსად ვითარება რთულია თურქეთშიც, სადაც ბოლო 24 საათში, კოვიდ-19-ით ინფიცირების 4 674 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთში კომენდანტის საათი კიდევ ოთხი დღით გახანგრძლივდება.

შემაშფოთებელ პროგნოზს აკეთებს გაერო. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პანდემიის გამო 2020 წლის ბოლოს, მსოფლიოში შიმშილით, წინა წლებთან შედარებით, ორჯერ მეტი ადამიანი დაიღუპება. გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ვაქცინის შექმნის შემთხვევაში სახელმწიფოებისთვის პრეპარატზე თანაბარი და დროული წვდომა უნდა მოხდეს. რეზოლუცია, ასევე, ხაზს უსვამს პანდემიასთან ბრძოლის დროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის უმნიშვნელოვანეს როლს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნებს თანამშრომლობისკენ.

დღის ამბები