20 აპრილი 2024,   15:42
ვრცლად
1 დღე მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის გასაჯაროებამდე - "კურიერის" ინფორმაციით, ბიზნესის დასახმარებლად ნახევარი მილიარდი ლარი დაიხარჯება 

მთავრობის მიერ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენამდე 1 დღე დარჩა. როგორც ცნობილია, წარმოდგენილ გეგმაში უნდა შევიდეს დახმარების პაკეტები იმ სოციალური ფენისა და ბიზნესის, რომლებიც კორონავირუსის კრიზისის დროს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო დაზარალდნენ.

ეკა ნებულიშვილი უკვე წლებია სილამაზის სალონს ფლობს. ყვება, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში თითქმის ორი, თვეა ობიექტს ვეღარ ამუშავებს. რის გამოც მასთან დასაქმებული ექვსი ადამიანი, ფაქტობრივად, უკიდურესი გაჭირვების ზღვარზეა.

ნებულიშვილის მსგავსად, ცხრა წელია სალონს ამუშავებს ელენე ლებანიძეც. იპოთეკით დატვირთული ქონება და ბიზნესის წარმოებისთვის აღებული საბანკო კრედიტები დღეს ამ ადამიანებისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა. მათი თქმით, კრედიტების გადავადება და კომუნალური ხარჯების დროებით განულება მათი ბიზნესის გადარჩენის ერთადერთი შანსია.

მძიმე ფინანსური გამოწვევების წინაშე დგას იანა ჩუნთიშვილიც. ის უკვე 9 წელია ღვინის მაღაზიას ამუშავებს და რამდენიმე ადამიანიც ჰყავს დასაქმებული. ამბობს, რომ მსგავს ბიზნესს საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ აკრძალვებზე მეტი პრობლემა აქვს, რადგან ტურიზმზეა მიბმული. ღვინის მაღაზიის მფლობელს იმედი აქვს, რომ ხელისუფლება ანტიკრიზისულ დოკუმენტში, დაბალპროცენტიანი კრედიტების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას ასახავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესმენი ღვინის მაღაზიების ფაქტობრივ გაქრობას არ გამორიცხავს.

ღვინის მაღაზიების მსგავსად, ტურისტული მიმოსვლის შეწყვეტამ მძიმე დარტყმა მიაყენა სასტუმროების ბიზნესს. ფარნა მაყაშვილი კახეთში სასტუმროს ერთი წელია ამუშავებს, თუმცა, დღეს 20 დასაქმებულთან ერთად შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ამბობს, რომ თუ ხელისუფლება შიდა ტურიზმსა და სოციალურ კორპორატიულ გასვლებს წაახალისებს, სასტუმრო ბიზნესის გადარჩენა შესაძლებელია.

ასი დასაქმებული და სამი ფილიალი, რომელიც ორი თვეა ვეღარ ფუნქციონირებს - ასე გამოიყურება გიორგი ასათიანის ბიზნესი. სპორტული დარბაზების ქსელ "ოკტოპუს ფიტნეს კლუბის" დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ სახელმწიფო დამატებითი ღირებულების გადასახადისგან დროებით გაათავისუფლებს, რაც ამ საქმიანობის გადარჩენისთვის ერთგვარი ხელოვნური სუნთქვა იქნება. ასათიანი დარწმუნებულია, რომ ამ შემთხვევაში, დაქირავებულ ადამიანებს უმუშევრობა არ დაემუქრებათ.

საშემოსავლო გადასახადის გაუქმება ყველა შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე და საქმიანობის უფლება ყველას, ვის დაფინანსებასაც სახელმწიფო ვერ შეძლებს - კრიზისთან გამკლავების ერთ-ერთი გზაა ეკონომისტთა ნაწილისთვის. ანალიტიკოსების აზრით, მთავრობამ გეგმის წარდგენის დროს ფინანსების თანაბრად გადანაწილებაზეც უნდა იზრუნოს.

ეკონომიკის ანტიკრიზისულ სტრატეგიას ხელისუფლება ხვალ ოფიციალურად წარადგენს. ვიდრე დეტალები გაირკვევა, "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ მთავრობა 300 მილიონ ლარს ჯანდაცვის სექტორის, ნახევარ მილიარდს ბიზნესის, მილიარდის კი ფიზიკური პირების დახმარების დაფინანსებისთვის დახარჯავს.

დღის ამბები