19 აპრილი 2024,   10:56
ვრცლად
აგრესიული ტესტირება - ოპოზიციის კითხვები პოზიტიური მაჩვენებლის ხელოვნურად შენარჩუნებას უკავშირდება

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დღეს განაცხადა, რომ კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევის დაფიქსირება ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული აგრესიული კვლევის შედეგია და შემდგომ დღეებში, ტესტირება ალბათ აგრესიული კვლევების გარეშე ჩატარდება და იმედი დაიტოვა, რომ მაჩვენებელიც არ იქნება ისეთი, როგორიც დღეს იყო.

ეს განცხადება მალევე გახდა კრიტიკის საფუძველი. ოპოზიციის კითხვები პოზიტიური მაჩვენებლის ხელოვნურად შენარჩუნებას უკავშირდება. მაშინ, როდესაც აგრესიული ტესტირების საფუძველზე ბოლო 24 საათში 25 ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ოპონენტები თვლიან, რომ ხელისუფლება მასიური ტესტირებისგან თავს იკავებს.

ოპოზიციის კრიტიკას დღეს ჯანდაცვის სამინისტროში უპასუხეს. COVID-19 თან ბრძოლის სამომავლო სტრატეგიის მიხედვით შემზღუდავი ღონისძიებების შესუსტების პარალელურად, სამინისტრო უსაფრთხოების ზომებს გაამკაცრებს. მოიმატებს ადამიანთა რიცხვი, რომლებიც COVID-19-ზე შემოწმდება.

დღეს ქვეყანა დაღმავლობის პერიოდისგან ჯერ კიდევ შორს არის, რადგან მედიკოსები COVID-19-ის პიკურ პერიოდს 2-3 კვირაში ელოდებიან. მედიკოსები აგრესიული ტესტირების მეთოდით პირველ ეტაპზე რისკჯგუფში მყოფი მოქალაქეების შემოწმების მნიშვნელობაზე საუბრობენ.

დღის ბოლოს, ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის განცხადებაზე განმარტების გაკეთება ჟურნალისტებთან მთავარ ინფექციონისტსაც მოუწია. თენგიზ ცერცვაძე დარწმუნებულია, რომ მარინა ეზუგბაია სხვა რამეს გულისხმობდა.

აგრესიული ტესტირების მეთოდით შემოწმებული და ინფექციადადასტურებული 25 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქედან, 4 პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში, 4 ბოჭორიშვილის კლინიკაში,  7 საუნივერსიტეტო კლინიკაში, 1 გორის საავად​მყოფოში, 1 კი- ბათუმში განაგრძობს მკურნალობას. უმეტესი მათგანის კლასტერი ბოლნისია. 25 პაციენტიდან მხოლოდ 1-ის წყაროა ჯერჯერობით დაუდგენელი.

დღის ამბები