24 აპრილი 2024,   21:10
ვრცლად
COVID-19-თან ბრძოლის ახალმა სქემამ - ოზონოთერაპიამ ექიმების აზრი ორ ნაწილად გაყო

კორონავირუსის სამკურნალოდ ოზონოთერაპიის გამოყენება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კვლევას არ ემყარება. მისი გამოყენების საფუძველი ის ვარაუდია, რომ ოზონი ზოგადად ეფექტურია ვირუსების წინააღმდეგ.

არის თუ არა მათ შორის კორონავირუსიც - ბათუმის "მედალფაში" ამბობენ, რომ ოზონის ანტივირუსული და ანტიმიკრობული მოქმედება ეფექტური აღმოჩნდა იმ 4 პაციენტის შემთხვევაში, რომლებსაც ამ მეთოდით უმკურნალეს. ინფიცირებულები კოვიდნეგატიურები მკურნალობის დაწყებიდან 9 დღეში გახდნენ.

ოზონოთერაპიის დროს სპეციალური დანადგარით გამომუშავებული ოზონის ხსნარში გაზავება ხდება და პაციენტს ინტრავენურად გადაესხმება.

ამ მეთოდს, როგორც "კოვიდ 19-ის" სამკურნალო საშუალებას რეკლამას ამერიკაში, ტეხასის შტატში, განთავსებული გამაჯანსაღებელი ცენტრი უკეთებდა. ადგილობრივმა სასამართლომ ცენტრს ამ ტიპის სერვისის რეკლამირება აუკრძალა, რადგან თერაპიის ამ მეთოდის გავლენა კორონავირუსის დამარცხების საქმეში არანაირი კვლევით არ დასტურდება. ლადო თალაკვაძე, ექიმი, რომელიც ამ მეთოდს ბათუმში იყენებს, აკრძალვებს ფარმაცევტული ბიზნესის მიერ ოზონოთერაპიის განზრახ დისკრედიტაციად აფასებს.

მედიკოსთა ნაწილი ოზონოთერაპიის "კოვიდ 19"-ის სამკურნალოდ გამოყენებას ექსპერიმენტულს და საფრთხილოს უწოდებს. ამბობენ, რომ მკურნალობის ნებისმიერი მეთოდის ეფექტურობა ჯერ კვლევის ფორმატში უნდა დამტკიცდეს და პაციენტებში ამის შემდგომ გამოიყენონ.

საქართველოში "კოვიდ 19"-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ რომ ოზონოთერაპიას იყენებდნენ, ეს ექიმებს შორის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. თენგიზ ცერცვაძის თქმით, მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენების ფონზე დაავადება გაცილებით ადრე ალაგდა, ვიდრე, არსებული პრაქტიკის მიხედვით, სტანდარტულად ხდება.

დღის ამბები