19 აპრილი 2024,   22:05
ვრცლად
COVID-19-ის გავრცელების პერიოდში ახალი გამოწვევების წინაშე ადამიანებთან ერთად ცხოველებიც დადგნენ

COVID-19-ის გავრცელების პერიოდში ადამიანების მსგავსად სირთულეების დაძლევა ცხოველებსაც უწევთ. რესტორნების, კაფეებისა თუ სწრაფი კვების ობიექტების დაკეტვამ, სადაც ქუჩის ცხოველების გამოკვებას მეტნაკლებად ახერხებდნენ, ისინი შიმშილობის ზღვრამდე მიიყვანა. "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის" გამგეობის თავმჯდომარე თეიმურაზ წიქორიძე აცხადებს, რომ საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ძაღლი შიმშილობს, განსაკუთრებული პრობლემა კი რეგიონებშია.

ანი ბოკუჩავა ერთ-ერთია, ვინც თავის ოთხფეხა მეგობრებთან სეირნობის დროს საკვებს ქუჩის ძაღლებისთვისაც ატარებს. ის მიიჩნევს, რომ ახლა მათ განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდებათ. მასთან ერთად თბილისის ქუჩებში არაერთი ადამიანი გამოჩნდა, რომლებსაც ცხოველებზე ზრუნვა ასეთ რთულ სიტუიაციაშიც კი არ ავიწყდებათ.

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე ქუჩის ბინადრებში შიმშილის პრობლემა ნაკლებადაა. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვახტანგ ლომჯარიას თქმით, კონკრეტულ ადგილებში, სადაც ცხოველის გამოკვება შეუძლებელია, მათი გუნდი აქტიურად მუშაობს.

მოსახლეობის ინიციატივისა თუ სხვადასხვა ორგანიზაციების მუშაობის მიუხედავად ქუჩის ცხოველებში კვების პრობლემა კვლავ აქტუალურ გამოწვევად რჩება. მიუსაფარი ცხოველები თბილისის ყველა უბანში ყოველდღიურად გვხვდებიან. მათი უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ საკვების მცირე დოზა სახლიდან გასვლისას ყველა ჩვენგანმა უნდა ატაროს, რათა მათი მძიმე ყოველდღიურობა ცოტათი მაინც შევამსუბუქოთ.

დღის ამბები