19 აპრილი 2024,   04:44
ვრცლად
დაკეტილი სასტუმროები და მილიონობით ზარალი - დაპაუზებული ტურიზმის სეგმენტი გაურკვევლობაშია

სასტუმროების კარი სტუმრებისთვის თითქმის ორი თვეა დაკეტილია. ბიზნესი, რომელსაც წინასწარ დაგეგმვა უყვარს გაურკვევლობაშია. არ იციან ზუსტად როდის განაახლებენ მუშაობას, პროგნოზების გაკეთება უჭირთ. ერთ კონრეტულ მისამართზე რეგისტრირებული სასტუმრო მსოფლიოში პროცესების განვითარებასა და პანდემია გამოვლილი ტურისტების ქცევაზეა დამოკიდებული. ამ გლობალურ ბუნდოვანებაში სასტუმრო ბიზნესმა ორი რამ ზუსტად იცის - წელს ევროპელი სტუმრები არ ეყოლებათ და ფუნქციონირებას შემცირებული კადრებით განაახლებენ.

კორონავირუსით დაზარალებულ სექტორებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პირველი დარტყმა ტურიზმის სფერომ მიიღო. პანდემიამ სასტუმროების უმრავლესობა დაკეტა და ნაწილი საკარანტინე სივრცეებად აქცია. სასტუმრო ბიზნესმა, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის გათვლებით, გაზაფხულზე 750 მილიონიანი ზარალი უკვე აჩვენა - გათვლები წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებითაა გაკეთებული. ფედერაციის დამფუძნებელი ზაფხულში ამ ზარალის გაორმაგებას პროგნოზირებს.

ტურისტული სეგმენტისთვის გამოწვევა არა მხოლოდ ისაა თუ როდის დაბრუნდება აქტიურად ბაზარზე, არამედ ისიც თუ როგორი სტანდარტებით მოუწევთ ოპერირება. 

პანდემიამ ტურიზმი, რომ ყველაზე მეტად დააზარალა, სახელმწიფომ ეს პირველივე ეტაპზე აღიარა და დაპაუზებულ სეგმენტს დაეხმარა. მთავრობას ამ გადასახედიდან არასაკმარისად მიაჩნია ის მხარდაჭერა, რომელიც დაზარალებულ და დაპაუზებულ სეგმენტს თავიდან აღმოუჩინა. იმის გამოსავლენად, თუ სად არის ახლა მთავარი გამოწვევა - ხელისუფლება სფეროს წარმომადგენლების მოსმენას გეგმავს. ონლაინ კონფერენცია ოთხშაბათსაა ჩანიშნული.

როდის დასრულდება პანდემია - ამ კითხვაზე პასუხი ყველას თანაბრად აინტერესებს და ეს პასუხი ამ დროისთვის ყველასთვის თანაბრად ბუნდოვანია. ტურისტული სეგმენტი, რომელსაც მისივე წარმომადგენლები დაპაუზებულ სფეროს უწოდებენ, პარტნიორებთან კონტაქტს მაინც ინარჩუნებს და ცდილობს, რომ მაშინ როდესაც მსოფლიოს ჩაკეტილი საზღვრები გაიხსნება, საქართველო კვლავ იყოს ერთ-ერთი მიმზიდველი ტურისტული მიმართულება, რომელსაც ახალი სტანდარტებიც დაცული ექნება. 

დღის ამბები