23 აპრილი 2024,   21:19
ვრცლად
მედპერსონალის უსაფრთხოება და ანაზღაურების გაზრდა - 44-მა სამედიცინო ასოციაციამ ექიმებისთვის ხუთპუნქტიანი გეგმა წარადგინა

სამედიცინო ასოციაცია მედპერსონალისთვის მეტ ყურადღება ითხოვს. მთავარი მოთხოვნა - სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების უსაფრთხოება და ანაზღაურების გაზრდაა. ხელისუფლებისადმი მიმართვაში, ძირითად, საუბარია საშუალო და დაბალი რანგის მედპერსონალზე, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად უმძიმეს სამუშაოს ასრულებენ, ხოლო ამ სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება არ აქვთ.

ხუთპუნქტიანმა გეგმამ სამედიცინო დაწესებულებების არსებული მდგომარეობა უნდა შეცვალოს. დოკუმენტის ადრესატი ხელისუფლებაა, ხელმომწერი კი 44 სამედიცინო ასოციაცია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანამ კორონავირუსის წინააღმდეგ დროულად იმოქმედა, თუმცა მიღწევების მიუხედავად, ამ მიმართულებით კვლავ ბევრი გამოწვევა რჩება.

ის, რაც დროულად პირველ ეტაპზე უნდა მოგვარდეს, კორონავირუსის პანდემიასთან მებრძოლი მედპერსონალის ანაზღაურებისა და ფინანსური წახალისების საკითხია. დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საშუალო და დაბალი რგოლების წარმომადგენლებს, იმ ექთნებსა თუ სანიტრებს, რომელთა ანაზღაურებაც, საშუალოდ, 300 ლარია, დაფინანსება უნდა გაეზარდოთ. ამბობენ, რომ ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩართულ პერსონალს ყოველდღიურად სტრესულ გარემოში უწევს მუშაობა და ამიტომ, საჭიროა, მათი მიზნობრივი დანამატების განსაზღვრა. ჯანდაცვის უწყებას, ასევე, მოუწოდებენ, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ინფიცირებული ექიმების კომპენსაციის საკითხზეც იზრუნოს.

კომპენსაციების გარდა, ასოციაციის წევრები მიმართვაში მედპერსონალის ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზეც წერენ. ამ გამოწვევას კი სისტემა იმ შემთხვეევაში გაუმკლავდება, თუკი ყველა კლინიკა პერსონალური დაცვის საშუალებებით სრულად აღიჭურვება, მათთან მისულ პაციენტებს კი COVID-19-ის ინფექციაზე გამოიკვლევენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში გეგმიური ოპერაციებიც ვეღარ ტარდება. ექიმები კი მიიჩნევენ, რომ პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია ეპიდემიის პირობებში გეგმიური პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები შემუშავდეს.

სამედიცინო ასოციაციის წარმომადგენლების გეგმაში შედის პროფესიული პლატფორმის შექმნაც, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მყოფ მედპერსონალს ვირტუალურ სივრცეში შეკრებს. ამ ფორმატში კი სახიფათო ვირუსის მკურნალობის მეთოდებზე იმსჯელებენ. ასოციაციის წევრებს მიაჩნიათ, რომ ამგვარი დისკუსიები საჯარო სივრცეში კონკრეტული ექიმების წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ კამპანიად არ უნდა იქცეს.

ხუთპუნქტიანი გეგმის ხელმომწერები ახლა სახელმწიფოსგან შესაბამის რეაგირებას ელოდებიან. მიაჩნიათ, რომ ჯანდაცვის უწყება მაქსიმალურად მოკლე დროში მათ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და მათივე ჩართულობით არსებულ პრობლემებს მოაგვარებს.

დღის ამბები