20 აპრილი 2024,   14:14
ვრცლად
კულტურისა და ხელოვნების ინდუსტრიის პეტიცია ხელისუფლებას - ამ სფეროს წარმომადგენლები კულტურისა და ხელოვნების ხელშეწყობისთვის ცალკე პაკეტს ითხოვენ

კულტურის სექტორში მოქმედი საინიციატივო ჯგუფი მანიფესტს აქვეყნებს. ეს არის მოთხოვნა და დიალოგის დაწყების მცდელობა ხელისუფლებასა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელებს შორის.  რამდენიმე  პუნქტისგან შედგენილი წერილი მნიშვნელოვან საკითხებს აერთიანებს:

მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროსთვის COVID-19-ით გამოწვეული პოსტკრიზისული ხედვის, სამოქმედო გეგმის შემუშავება და საზოგადოებისთვის წარმოდგენა. მათ შემუშავებაში ჩართული იყვნენ კულტურის შესაბამისი სექტორის წარმომადგენლები. ეს სექტორი მოიაზრება გასართობი, სასტუმროების და აზარტული თამაშების ინდუსტრიების გვერდით და საშუალება არ ეძლევათ ამ სფეროს წარმომადგენლებს, 2020 წლის ივლისამდე განახორციელონ რაიმე სახის საქმიანობა. საუბარია წერილში, რომელსაც ამ დროისთვის უკვე 300-მდე ხელმომწერი ჰყავს და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები სულ 1000 მხარდამჭერის შეგროვებას გეგმავენ.

მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები, მსახიობები, პროდიუსერები, კულტურის მენეჯერები, კურატორები, ფოტოგრაფები, რეჟისორები და სხვა მიმართულების წარმომადგენლები გაერთიანდნენ ქვეყნის კულტურის სფეროს და მათი ინტერესების დასაცავად. მოთხოვნაც ერთია - სახელოვნებო სფერო და შემოქმედებითი ინდუსტრიები, რომლებიც დაზარალების საფრთხის წინაშეა, გადარჩეს და მათ მხარდასაჭერად შემუშავდეს კონკრეტული გეგმები. 

წერილი ეხება, ასევე, ამ სფეროში პანდემიამდე დაწყებულ და შეჩერებულ პროექტებს, ფესტივალებს, არტფეარებსა და მიმდინარე პროექტებს, რომელთა გაგრძელებასა თუ მომავალ ვადებზე ამ დრომდე შესაბამისი სტრუქტურებიდან პასუხი არ არის. ასევე ბუნდოვანია, რა ბედი ელით მხატვრებს, საგამოფენო სივრცეებს, კერძო გალერეებს და როგორ აპირებს ხელისუფლება ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროს შენარჩუნებასა და გადარჩენას.

საინიციატივო ჯგუფი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ წერილს ექნება გამოხმაურება და რეაგირება შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან, რის შემდეგაც, შესაძლებელი იქნება, რეკომენდაციების გათვალისწინებით ონლაინფორმატში მოხდეს არსებული საკითხების განხილვა, კულტურის სფეროს დარგებისა და მასში მომუშავე ადამიანების ინტერესების გააზრება, დაცვა და მხარდაჭერა. საინიციატივო ჯგუფის პეტიციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი 

დღის ამბები