19 აპრილი 2024,   23:30
ვრცლად
ხელით დაწერილი სიები და საშვის 250 მსურველი - ქუთაისის მერიასთან 9 საათის განმავლობაში რამდენიმემეტრიანი რიგი იდგა

ზუსტად 9 საათის განმავლობაში, ქუთაისის მერიასთან მოქალაქეების რამდენიმე მეტრიანი რიგი იდგა. ადამიანების სიმრავლის გამო დაირღვა პანდემიის პირობებში გაცემული მთავარი რეკომენდაცია. სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, ქალაქის მერიის სამსახურმა მხოლოდ დღის 2 საათისთვის მოახერხა ჯებირების დადგმა.

სიას მერიის თანამშრომლები ხელით ავსებდნენ. იწერდნენ იმ ადამიანების გვარებს, რომელთაც საშვის მიღება სურდათ. მოქალაქეების რაოდენობა დღის ბოლოს 250-ს გასცდა. 2-დღიანი პაუზის შემდეგ, მას მერე, რაც 4 ქალაქი ისევ ჩაიკეტა, ქუთაისიდან გასასვლელად მოსახლეობას სპეციალური საშვები სჭირდება.

მოქალაქეების ნაწილი სოფლებში მიწებს ამუშავებს. ნაწილი ამბობს, რომ ოჯახის მარტოხელა წევრები პროდუქტებით უნდა მოამარაგოს. იყვნენ ისეთებიც, ვისაც საწარმოს ფუნქციონირებისთვის ქალაქში თანამშრომლების შემოყვანა უნდა.

მერიასთან დღეს ოპოზიციაც იყო მისული. ოპონენტებმა ადგილობრივი ხელისუფლება გააკრიტიკეს. პარტიები აცხადებენ, რომ მერია პანდემიის საფრთხის ფონზე, თავად აიძულებს მოსახლეობას დაარღვიოს დისტანცია და ამით ხელს უწყობს ქალაქში ვირუსის გავრცელებას.

განცხადებები დღის პირველ ნახევარში ჯერ მერიაში გაკეთდა, შემდეგ კი შექმნილ ვითარებაზე უკვე გუბერნატორმა ისაუბრა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას პირობა მისცა, რომ პრობლემა მალე მოგვარდება.

რიგების და რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ, დღეს მერიასთან მისულმა მოქალაქეებმა საშვები აიღეს, მაგრამ ხვალიდან მუნიციპალიტეტის შენობასთან მოსახლეობა, სავარაუდოდ, ისევ შეიკრიბება.

დღის ამბები