18 აპრილი 2024,   19:54
ვრცლად
ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკში შედის - ტესტირებულების რაოდენობა დღეში 1000-მდე გაიზრდება

საქართველო კორონავირუსის გავრცელების პიკში შედის. სპეციალისტების გათვლებით, სწორედ შიდა გავრცელების დაწყებიდან მე-6, მე-7 და მე-8 კვირა ეპიდაფეთქების პიკის პერიოდია. 

კორონავირუსი საქართველოში დღეს 22 ადამიანს დაუდგინდა. ყველა ცნობილი კლასტერის წევრია და მათი კონტაქტებიც დადგენილია. 22-დან 15 თეთრიწყაროს სამედიცინო კლასტერიდან არის. უკვე შესწავლილია კონტაქტები და ირკვევა, რომ ინფიცირებულებს 200-მდე პირთან ჰქონდათ შეხება და ყველა მათგანი საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი. თეთრიწყაროს გარდა ისინი ბოლნისისა და სვანეთის კლასტერებიდანაც არიან. 

უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას ელოდებიან ეპიდემიოლოგები. სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე მოქალაქეებს უფრო მეტი სიფრთხილე მართებთ.

ამ ეტაპისთვის, 29 სამედიცინო დაწესებულებიდან​ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებით მხოლოდ 9 კლინიკაა დატვირთული. ვითარების გართულებას ექიმები არც პიკის პერიოდში ელოდებიან და ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა ყოველდღიურ რაოდენობას ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორი მოერევა. არსებული მდგომარების სურათს უფრო კონკრეტულს გახდის PCR ტექნოლოგიით კვლევაც. იზრდება ლაბორატორიების რაოდენობა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დღეში 1000 ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდება. ჯანდაცვის სამინისტროში საბჭოს შეხვედრის შემდეგ უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კორონავირუსზე ტესტირების ალგორითმის ოპტიმიზაცია შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც კვლევის მიზნობრივი ჯგუფი გაფართოვდება და პროცესი უფრო ეფექტური გახდება. ტესტირება ჩაუტარდება რესპირაციული ინფექციის სიმპტომების მქონე ყველა პაციენტს, სამედიცინო პერსონალს, კარანტინში მყოფ მოქალაქეებს, სატვირთო ავტომობილების და ტრაილერების მძღოლებს.

ეპიდემიოლოგები გვირჩევენ, რომ ეპიდემიასთან ბრძოლა მხოლოდ რეკომენდაციების მკაცრად დაცვით იქნება შედეგიანი.

დღის ამბები