24 აპრილი 2024,   11:37
ვრცლად
მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2,7%-ით დაეცა - როგორია კორონავირუსის გავლენა ქართულ ეკონომიკაზე

ბოლო 1 თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის უმრავლესობის შეჩერებამ, პირველი შედეგი ციფრებში უკვე ასახა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მარტში ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი 2,7 პროცენტით შემცირდა. 22%-ით არის შემცირებული ექსპორტი, იმპორტი კი 13,4 მეათედით.

ექსპორტ-იპმორტის მაჩვენებლების ვარდნის ფონზე, უკვე ვარაუდობენ, რომ საქართველოში პროდუქტებზე ფასები გაიზრდება. განსაკუთრებით კი, იმ ნაწარმზე, რომელიც საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის. ფასების ზრდა რომ გარდაუვალი იქნება, ამაზე დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში საუბრობენ და ამბობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაზარზე ოპერირებას ფიზიკურად ვეღარ შეძლებენ.

მარტის თვის მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ბრუნვის მაჩვენებლის შემცირება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, განსაკუთრებით კი, ტურიზმის მიმართულებით, სასტუმროების, რესტორნების, ტრანსპორტისა და ვაჭრობის დარგში. სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის დამფუძნებლის განცხადებით, ბოლო ერთმა თვემ აჩვენა, რომ ტურიზმის სექტორი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარგია და ყველაზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა ვარაუდობენ, რომ სექტორს კორონავირუსის პანდემიამდე არსებული მაჩვენებლის დასაბრუნებლად სულ მცირე წელიწადნახევარი დასჭირდება.

ტურიზმის გარდა, გამოწვევის წინაშე დგას ვაჭრობის სექტორი. გასულ თვეს 38 პროცენტით იკლო მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა. შემცირებულია საბითუმო ვაჭრობა ნავთობზე. იკლებს საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ტანსაცმლის საცალო გაყიდვები.

ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა ვითარებამ გავლენა მოახდინა საწარმოთა რეგისტრაციაზეც და გასულ თვეს რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა, 48 პროცენტით შემცირდა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ფიქრობენ, რომ როგორც ეკონომიკური მაჩვენებლები, ასევე ახალ საწარმოთა რეგისტრაციის შემცირების მხრივ აპრილის მონაცემები კიდევ უფრო მცირე იქნება.

ერთადერთი გამონაკლისი, რომელზეც სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ეკონომიკური მაჩვენებლების შემცირებას გავლენა არ მოუხდენია, ის მშენებლობებია, რომელიც დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობს. შემცირება არ შეხებია არც კომუნიკაციის სექტორს.

დღის ამბები