19 აპრილი 2024,   02:39
ვრცლად
ეფექტურია თუ არა რემდესივირი COVID-19-ის წინააღმდეგ - ჩინეთსა და აშშ-ში სხვადასხვაგვარი მოლოდინებია

რემდესივირი - ამ ეტაპზე გამარჯვებული პრეპარატი, რომელსაც "კოვიდ 19"-ის სამკურნალოდ გამოიყენებენ.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავარმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმ დაადასტურა, რომ რემდესივირს ვირუსის ბლოკირება შეუძლია და სიმპტომებს დროში ამცირებს.

მაშინ, როცა სამყარო COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინას ან მედიკამენტს ყოველდღიურად ელოდება, ამერიკის პირველი ინფექციონისტის ეს სიტყვები დამაიმედებელი აღმოჩნდა. პრეპარატი რემდესივირი, რომელიც ებოლას ეპიდემიის დროს შეიქმნა, თუმცა არ იმუშავა, შესაძლოა, კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდეს. თეთრ სახლში ითქვა, რომ კვლევის წინასწარი მონაცემებით, მედიკამენტს ვირუსის დაბლოკვა შეუძლია - პაციენტები 15-ის ნაცვლად 11 დღეში გამოჯანმრთელდნენ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 30%-ით შემცირდა.

კვლევის შედეგები ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ჩატარებულ ცდებში პლაცებოს ნაცვლად რემდესივირს გამოიყენებენ. მედიკამენტი, რომელზეც მსოფლიო იმედებს ამყარებს, კომპანია Gilead Sciences-ის მიერ არის დამზადებული. კორონავირუსით ინფიცირებულებთან წამალს 22 ქვეყანაში ცდიან, მათ შორის არ არის საქართველო.

რემდესივირი​ს წარმატებას ელოდება ენტონი ფაუჩის ქართველი კოლეგაც. თენგიზ ცერცვაძის თქმით, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, რაც დრო გადის, მით უფრო მეტ ინფორმაციას ვიგებთ პრეპარატის ეფექტურობასთან დაკავშირებით. ვინაიდან კომპანია "გილიადთან" საქართველო აქტიურად თანამშრომლობს, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ საქართველო იყოს პირველი ქვეყანა, სადაც მედიკამენტის მარაგს შეავსებენ.

მაშინ, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში მედიკამენტ რემდესივირის პოზიტიურ ეფექტზე საუბრობენ, გავლენიან ბრიტანულ სამეცნიერო ჟურნალში ახალი კვლევა ქვეყნდება, რომელიც ამჯერად ჩინეთში ჩატარდა. ცდაში მონაწილე 158 პირის შესწავლის შედეგად კი რემდესივირის ეფექტურობა ვერ დადგინდა. ქართველი სპეციალისტები მიმდინარე კვლევების საბოლოო დასრულებას ელოდებიან.

საბოლოო სიტყვა პრეპარატთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ უნდა თქვას. კვლევის წინასწარი შედეგები დამაიმედებელია უცხოელი სპეციალისტების ერთი ნაწილისთვის, თუმცა ისინი ვირუსთან ბრძოლის მთავარ ამოცანად მაინც ვაქცინის შექმნას მიიჩნევენ.

შეცვლის თუ არა რემდესივირი მსოფლიო ჯანდაცვის თამაშის წესებს და რამდენად ახლოს არის მსოფლიო "კოვიდ 19"-ის წინააღმდეგ ეფექტური მედიკამენტის შექმნასთან - ამას მას შემდეგ გავიგებთ, რაც მიმდინარე კვლევები დასრულდება. 

​​

დღის ამბები