18 აპრილი 2024,   20:59
ვრცლად
ჩემი აზრით, ამ წერილში არასწორად არის აქცენტი დასმული - გიგა ბოკერია უკრაინაში გაგზავნილი წერილის შესახებ

უკრაინაში გაგზავნილ წერილს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. გზავნილს, რომელიც 15-მა პარტიამ უკრაინის პრეზიდენტის, რადას და მოქალაქეების სახელზე გაგზავნა და რომელშიც მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი, პარტიების ნაწილი არ ეთანხმება.

ხელმომწერებს შორის არ არის "ევროპული საქართველო." გიგა ბოკერია ფიქრობს, რომ წერილში აქცენტები არასწორადაა დასმული. რაც შეეხება ქართული მხარის განცხადებებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გარკვეულ თანამდებობაზე დანიშვნას ეხებოდა, გიგა ბოკერიას თქმით, ეს უკრაინის შიდა საკითხია და ივანიშვილის მთავრობა ამაში არ უნდა ერეოდეს. 

"ჩვენ გუნდს, "ევროპულ საქართველოს" და ჩვენს პარტნიორებს, "თავისუფალ დემოკრატებს" სხვა ტიპის პოზიცია გვაქვს. ჩემი აზრით, ამ წერილში "ნაციონალური მოძრაობის" კოალიციისა, არასწორად არის აქცენტი დასმული. ივანიშვილის მთავრობას სააკაშვილი რომ არ მოსწონს, სძულს და პოლიტიკურ დევნას რომ გადააყოლა ქვეყანა, ეს არის პრობლემა. ის კი არა ვინ არის მართალი სააკაშვილის შეფასებაში, ან როგორ ვაფასებთ წარსულს, ვარდების რევოლუციის შემდეგ რეფორმებს. მაგრამ ახლა ამაზე კი არ უნდა იყოს დისკუსია, დისკუსია იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს სჭირდება უკრაინასთან სტრატეგიულად ნორმალური ურთიერთობა. ეს საკითხი არის უკრაინის შიდა საკითხი და ივანიშვილის მთავრობა ამაში არ უნდა ერეოდეს და ამ საკითხზე თავის პოზიციას არ უნდა გადააყოლოს ქვეყნის ინტერესი," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე კი აცხადებს, რომ საქათველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერი წარმატება აშინებს და დისკომფორტს უქმნის. 

"ჩვენმა ხელისუფლებამ ვერა და ვერ ისწავლა ჭკუა. ატეხავენ ჟრიამულს, ასე იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ნიშნავდნენ ოდესის გუბერნატორად და არავინ არ გაითვალისწინა აქაურების აზრი. სილა გააწნეს და როგორც იტყვიან ძაღლი ყეფს და ქარავინი მიდის. იგივე გამეორდება ახლა. დანიშნავენ მიხეილ სააკაშვილს მაღალ თანამდებობაზე, თუ უნდა უკრაინა იქცეს დიდ სახელმწიფოდ ევროპაში, მან უნდა გაიაროს საქართველოს რეფორმების გზა. ამას ყველა აცნობიერებს. ჩვენი ხელისუფლების წკავ-წკავი ძალიან მარტივი ასახსნელია იმით, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერ წარმატება აშინებთ," - აცხადებს რომან გოცირიძე.

დღის ამბები