20 აპრილი 2024,   16:54
ვრცლად
9 მაისი საქართველოში - რუსული "უკვდავთა პოლკის" ქართული ქვედანაყოფი კანონის დარღვევას და დრონებით გეორგიევსკის დროშის აფრიალებას გეგმავს

მოსკოვისგან დაფინანსება მიღებულია - მიზნებს რუსული ორგანიზაციის ქართული წარმომადგენლობა არ მალავს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, კრემლის იდეოლოგიის ქართველი მხარდამჭერების ნაწილი 9 მაისს, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეკრებას აანონსებს.

მოძრაობა "უკვდავი პოლკის" ერთ-ერთი წევრი, ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ რუსეთიდან მიღებულ თანხებს ვეტერანების ტრანსპორტირებისთვის და გეორგიევსკის დიდი დროშის შესაძენად დახარჯავს.

რელიგიური რიტუალების მსგავსად, 9 მაისიც წმინდა თარიღია ნაზი სტეფანიშვილისთვის. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ქართველი ჯარისკაცის შთამომავალი ამბობს, რომ სტალინი ხატად ჰყავს. ტრადიციად ქცეულ ყოველწლიურ რიტუალზე უარის თქმას წელსაც არ აპირებს და გორში, სტალინის სახლ-მუზეუმში მისვლას პანდემიის მიუხედავად, მეგობრებთან ერთად მაინც გეგმავს.

9 მაისის ღონისძიებები მოსკოვშიც კი გაუქმდა, COVID-19-ის გამო წელს წითელი მოედანი ცარიელი იქნება. რუსეთში, "უკვდავი პოლკის" წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადება, რომ დიდი სამამულო ომის 75-ე წლისთავს ონლაინ რეჟიმში აღნიშნავენ, თუმცა ამ მოწოდებას საქართველოში, კრემლის სატელიტი ორგანიზაციების მხოლოდ ნაწილი დაეთანხმა.

მოძრაობა "უკვდავი პოლკი" რუსეთში წამოწყებული მსვლელობაა, დეკლარირებული მიზანი მეორე მსოფლიოს ომის მონაწილეთა ხსოვნის უკვდავყოფაა. პირველი აქცია 2012 წელს რუსეთში ჩატარდა და მასში მონაწილეობენ რუსი მაღალჩინოსნები, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

"უკვდავი პოლკის" აქციები საქართველოში კრემლის მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩევა და საოკუპაციო პოლიტიკას მხარს ღიად უჭერს. ამის გამო, კრემლის მიერ ორგანიზებულ მსვლელობებს საქართველოში მუდმივად კონტრაქციებით ხვდებიან. ასე იქნება ახლაც, თუკი ვაკის პარკში, პუტინის გულშემატკივრები საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც შეიკრიბებიან.

პუტინის საოკუპაციო პოლიტიკის მხარდამჭერი მოძრაობის საქმიანობა რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებამ კანონის ძალით აკრძალა. საქართველოში კი, "უკვდავი პოლკი" 7 თვის წინ საჯარო რეესტრმა ოფიციალურად დაარეგისტრირა.

"გამარჯვება" - ასე შეაფასა მაშინ ქართულმა ფილიალმა საქართველოში მუშაობის ოფიციალურად დაწყება. დოკუმენტის თანახმად, რუსული ორგანიზაციის ქართული ფილიალი ლეონიძის 2 ნომერში, ფეშენებელურ ბიზნესცენტრის მეხუთე სართულზე, 666 კვადრატული მეტრის ფართობზეა განთავსებული.

ქართული ოფისის წარმომადგენლებს დისკომფორტს არ უქმნით ის ფაქტი, რომ "უკვდავი პოლკის" საინფორმაციო ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის წარმოდგენილი.

დღის ამბები