19 აპრილი 2024,   23:39
ვრცლად
ოჯახური ძალადობის პრობლემა პანდემიის პირობებში - დედაზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი ახლა წინასწარ პატიმრობაშია

60 წლის ქალი, რომელიც მრავლობითი დაზიანებით ექიმებმა რუსთავის კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს, ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა 30 წლის შვილმა დედას  გვიან ღამით სასტიკად სცემა. ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი ახლა წინასწარ პატიმრობაშია, მსხვერპლი კი მკურნალობას სახლში განაგრძობს. შვილის მხრიდან დედაზე ფიზიკური ძალადობის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. დაზარალებული დეტალებზე "კურიერთან" არ საუბრობს

მსხვერპლისგან განსხვავებით, "კურიერთან" ძალადობის ღამეს იხსენებენ მეზობლები, რომლებიც ამბობენ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დედას ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა. ადგილობრივების ინფორმაციით, დედა-შვილი ნაქირავებ ბინაში 2 წელია ცხოვრობს, ძალადობის ფაქტს კი აქამდე ადგილი არ ჰქონია.

ოჯახური ძალადობის პრობლემა დღეს ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება, რადგან ხშირად მსხვერპლი მშობელი შვილს დასასჯელად ვერ იმეტებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წინა წელთან შედარებით ძალადობის ფაქტები 6.8%-ით არის შემცირებული, თუმცა დანაშაულის მიმართვიანობის შემცირება შემთხვევების ნაკლებობას არ გულისხმობს. სახალხო დამცველის მოადგილე ამბობს, რომ ძალადობის მთავარი მოწყვლადი ჯგუფი ხანდაზმულთა სეგმენტია, სადაც მთავარ პრობლემად ინფორმაციის ნაკლებობა სახელდება. ასევე, სოციალური გარემო, რის გამოც მოხუცები ხმას შესაბამის უწყებებს ვერ აწვდიან.

ძალადობის ფაქტების კლების ტენდენციის არ სჯერათ მესამე სექტორში. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც  ხანდაზმულების საქმეებში დანაშაულის ფაქტებზე მუშაობს, ამბობს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ კლების ტენდენციას მატება შეცვლის. ფაქტს, რომ შვილმა დედას სასტიკად სცემა, მესამე სექტორში მოძალადის წარსულ ტრავმებს უკავშირებენ. გამოსავალს კი სპეციალისტებისა და სახელმწიფოს ჩართულობაში ხედავენ.

მოძალადე შვილი ახლა წინასწარ პატიმრობაში რჩება, მსხვერპლი დედა მკურნალობას სახლში განაგრძობს. გამოძიება ძალადობის ფაქტზე აქტიურად გრძელდება. რაც შეეხება ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესს, სახელმწიფო მესამე სექტორთან, ომბუდსმენთან და სპეციალისტებთან ერთად უკვე მუშაობს სპეციალურ პროგრამაზე, რომელიც მოწყვლადი ჯგუფებისა და მსხვერპლთა ინფორმირებულობასა და პროცესში ჩართულობას შეუწყობს ხელს.

დღის ამბები