20 აპრილი 2024,   14:37
ვრცლად
Freedom House-ის ანგარიშში წარმოდგენილია გარკვეული ტენდენცია, ეს ეწინააღმდეგება აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის განცხადებებს - ანრი ოხანაშვილი

სასამართლო სისტემის ხარვეზების გამო საქართველოში ისევ განმარტებების გაკეთება უწევთ. ხელისუფლება არ იზიარებს იმ კრიტიკას, რომელიც ორგანიზაცია Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშშია ნახსენები.

"ქართული ოცნების" გუნდისთვის აღნიშნული შენიშვნები წინააღმდეგობასთან მოდის იმ შეფასებებთან, რომელიც ქვეყანამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ევროკავშირისგან დაიმსახურა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ სასამართლო სისტემის რეფორმა განახორციელა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება.

რაც შეეხება ორგანიზაციის მიერ ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტზე შეფასებებს, ოხანაშვილი სრულ პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

"ეს არის მათი პასუხისმგებლობა, თვითონვე  განაცხადეს უარი ჩვენი არაერთი მოწოდების მიუხედავად ყოფილიყვნენ აქტიურად ჩართულნი საპარლამენტო ცხოვრებაში. ეს მიუთითებს იმას, რომ ისინი პასუხიმგებლობით არ მოეკიდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

უცნაურია, რომ Freedom House-ის ანგარიშში წარმოდგენილია გარკვეული ტენდენცია. ეს პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებებთან, რომლებიც მათ გააკეთეს სასამართლო სისტემაში ჩვენი გუნდის მიერ გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით. სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის განცხადებით "ქართული ოცნების" გუნდის მიერ განხორციელებული რეფორმები, კერძოდ სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღა, შეფასებულია მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

ორგანიზაცია Freedom House-მა ანგარიში გამოაქვეყნა.  მასში საუბარია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ე.წ დემოკრატიული ფასადების რღვევაზე.

ანგარიშში საქართველო კვლავ რჩება "გარდამავალი ქვეყნებისა, თუ ჰიბრიდული რეჟიმების" კატეგორიაში. საქართველოს ქულა ამ კონკრეტულ კვლევაში სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით გაუარესდა. მიზეზად ბოლო პერიოდში დაპატიმრებები და კამათის საგნად ქცეული რამდენიმე სასამართლო პროცესი სახელდება. ანგარიშის ავტორები მიუთითებენ საფრთხეზე, რომ შესაძლოა მართლმსაჯულება გამოიყენეონ პოლიტიკური ბრძოლისთვის. მაგალითად მოყვანილია თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საქმე. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ხაზარაძეს ბრალი მას შემდეგ წაუყენეს, რაც მან საკუთარი პოლიტიკური მოძრაობის დარასების შესახებ განაცხადი გააკეთა.

კვლევაში ნახსენებია ოპოზიციის ბოიკოტიც საპარლამენტო ცხოვრებაზე და ამ მხრივ საქართველოსთან ერთად  მოყვანილია ალბანეთის, ბულგარეთის, მონტენეგროს და სერბეთის მაგალითები.  გავრცელებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვითარება გართულდა შეუსრულებელი დაპირების გამო, რომელიც ნაკლებ შაანსს აძლევდა მმართველ პარტიას საპარლამეტო არჩევნებში.   

დღის ამბები