19 აპრილი 2024,   08:39
ვრცლად
ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებული ხუთივე დაკავებული პატიმრობაში რჩება, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა

მოსამართლე ნატო ხუჯაძემ დისტანციურად გამართული 2-საათიანი პროცესის დასრულების შემდეგ ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული 5-ვე პირი პატიმრობაში დატოვა.

ბრალდებულებიდან ორს მკვლელობის მცდელობას, 3-ს კი - დანაშაულის დაფარვას ედავებიან. პროკურატურამ, რომელიც გამოძიებას 5 თვის განმავლობაში აქტიურად აწარმოებდა, ყველა საჭირო მტკიცებულებას თავი 11-ტომიან საქმეში მოუყარა.

პირდაპირი მოწმეთა და ბრალდებულების ჩვენებები, ვიდეო მასალები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთები - ეს იმ მტკიცებულებების ჩამონათვალია, რომელთაც დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებს. დაკავებულების უფლებადამცველები დღეს პირველ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ითხოვდნენ.

პროკურატურამ შუამდგომლობების განსახილველად გონივრული ვადა ითხოვა, მოსამართლემ კი პროცესი 14 მაისისთვის გადადო. ცოტნე გამსახურდიას ოჯახი ახლა ხუთივე ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. დაზარალებულის ადვოკატის განცხადებით, საგამოძიებო უწყებას 11-ტომიან საქმეში ჯერ მთავარი - ცოტნე გამსახურდიას ჩვენება არ აქვს, რაც მის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას უკავშირდება. ამირან გიგუაშვილი არ გამორიცხავს, რომ ჩვენება საქმეზე ახალ გარემოებებს გამოავლენს.

5-თვიანი მკურნალობის შემდეგ ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, ის თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობს. მისი მეუღლის განცხადებით, არ არის გამორიცხული, მედიკოსებმა მკურნალობის ევროპაში გაგრძელების რეკომენდაცია გასცენ.

როდის შეძლებს დაზარალებული გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ჩვენების მიცემას, ამ დრომდე უცნობია. დაკავებული 5 პირის საქმეზე კი პროკურატურამ გამოძიება დაასრულა, ბრალდებულების ნაწილი დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს.

დღის ამბები