25 აპრილი 2024,   11:14
ვრცლად
საქართველო კრიზისიდან ეტაპობრივად გამოდის - რესტორნები, კაფეები და ბარები რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ

ანდრია ქურასბედიანი რესტორანს 8 ივნისისთვის ამზადებს. იმ დროისთვის, როცა მათთვის დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება და მომხმარებლების მიღებას თავისუფლად შეძლებს. დაწესებულება სტუმრებს პირველ ეტაპზე ღია სივრცეში მოემსახურება და ადაპტირებულ მენიუს შესთავაზებს.

საქართველო, რომელიც ვირუსმა რადიკალურად შეცვალა, კრიზისიდან ეტაპობრივად გამოდის. რესტორნებს, კაფეებსა და ბარებს მათთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ როგორც თანამშრომლების, ისე სტუმრების უსაფრთხოების დაცვა და შესაბამისი რეკომენდაციის გათვალისწინება მოუწევთ. ბიზნესსექტორის ამ სეგმენტის წარმომადგენლები შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით მომსახურების ფასების გაზრდასაც ვარაუდობენ.

ხელისუფლება სარესტორნო ბიზნესს ახალი სესხების მოზიდვის დროს 90 პროცენტის თანაუზრუნველყოფას სთავაზობს. არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს კი სახელმწიფო ამ ბიზნესს 30 პროცენტის თანაუზრუნველყოფაში დაეხმარება. ობიექტები საკრედიტო-საგარანტიო სქემაშიც ჩაერთვებიან.

თბილისის გარდა მუშაობის დაწყების ნებართვას რეგიონებშიც ელოდებიან. ყველა დიდი ქალაქის ღია ტიპის კაფეების, ბარებისა და რესტორნების მფლობელები ამ შემთხვევაშიც გახსნის სამზადისში არიან. მუშაობენ ყველა სავალდებულო მოთხოვნისა თუ რეკომენდაციის შესრულებაზე.

ღია ტიპის კაფეების, ბარებისა და რესტორნებისთვის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა მეოთხე ეტაპზე, 8 ივნისიდან იგეგმება. სამოქმედო სქემის გათვალისწინებით კი ზუსტად 2 კვირის შემდეგ მუშაობის განახლებას კვების ყველა ტიპის დახურული ობიექტი შეძლებს.

დღის ამბები