19 აპრილი 2024,   13:40
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" დაიმკვიდრა თაღლითის და მატყუარას იმიჯი ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში" - გიორგი ვაშაძე

არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის წერილს ეხმაურებიან. ოპონენტები ამბობენ, რომ წერილით კუბილიუსი ხელისუფლებას შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს. არასაპრლამენტო ოპოზიციის წევრების თქმით, ეს მოწოდება ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს და დანაპირები შეასრულოს.  

”ახალი საქართველოს” თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ხელისუფლებამ მატყუარას იმიჯი დაიმკვიდრა. 

"ქართულმა ოცნებამ" დაიმკვიდრა თაღლითის და მატყუარას იმიჯი ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქედან გამომდინარე, სწორედ ასეთი შეხსენებები ყოველთვის იქნება, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს, მიუხედავად კოვიდვირუსისა, სტკივათ და აწუხებთ საქართველოს დემოკრატიული განვითარება. ამიტომ, "ქართულ ოცნებას" ვურჩევ, ნუღარ შეირცხვენთ თავს, ისედაც თავი გაქვთ შერცხვენილი“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პოლიტიკური მოძრაობის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით უსუფაშვილი იხსენებს ამერიკისა და ევროკავშირის საელჩოების განცხადებებს, რომლებიც ირაკლი ოქრუაშვილისთვის განაჩენის გამოტანას მოჰყვა. 

"ერთ რამეს გავახსენებ ტელემაყურებელს, იყო თუ არა ასე, რომ ოქრუაშვილისთვის განაჩენის გამოტანიდან მეორე დღეს ამერიკის საელჩომაც და ევროკავშირის საელჩომაც გააკეთეს ძალიან მკაფიო განცხადება და მთავრობას მოუწოდეს, რომ არ გადაუხვიოს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებიდან,“ - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას დანაპირების შესრულებისკენ მოუწოდებს.

"ქართულ ოცნებას", როგორც ჩანს, აქვს ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ პანდემიის ფონზე მისთვის ვერ მოიცლიან. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. მოვუწოდებ ხელისუფლებას, სანამ კიდევ კედელთან მიაყენებენ, თოფით დაადგებიან, ყურს აუწევენ და ალიყურს გააწნავენ, მანამ შეასრულოს დანაპირები,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები