25 აპრილი 2024,   07:46
ვრცლად
მსოფლიოში პანდემიის გამო ამოქმედებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება - გაერო მსოფლიოს გამოწვევებთან ბრძოლაში ერთიანობისკენ მოუწოდებს

პანდემიის ეპიცენტრად კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება, სადაც ვირუსით დაღუპულთა რიცხვი უკვე 77 000-ს გასცდა. მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, პრეზიდენტი ტრამპი ზომების შემსუბუქებაზე უარის თქმას არ აპირებს და ეკონომიკის გახსნას აანონსებს.

შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, იკლებს ინტენსიურ განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა ევროპის ქვეყნებში. ორშაბათიდან საკარანტინო ზომების შემსუბუქებას იწყებს საფრანგეთი. სასწავლო პროცესი განახლდება დაწყებით სკოლებში, გაიხსნება მაღაზიების ნაწილიც. აკრძალვების მოხსნა დროებით არ შეეხება პარიზს.

ზომების შემსუბუქებისთვის ემზადება გაერთიანებული სამეფოც, სადაც გარდაცვლილთა რიცხვმა 30 000-ს გადააჭარბა და მსოფლიო რუკაზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მეორე ადგილზეა. ქვეყნის მთავრობაში სტატისტიკის ზრდის შემთხვევაში მკაცრი რეგულაციების უკან დაბრუნებას არ გამორიცხავენ. პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აკრძალვების მოხსნის გეგმას მოქალაქეებს კვირას გააცნობს.

აკრძალვების მოხსნას გეგმავს ავსტრალიაც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა ზომების შემსუბუქების 3 ეტაპიანი პროგრამა წარადგინა. მთავრობაში აცხადებენ, რომ პირველი ივლისისთვის სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას 1 მილიონი ადამიანი შეძლებს.

მონაცემები იზრდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც. მხოლოდ რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 11 000-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. მოსკოვს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება შეერთებულმა შტატებმა და იტალიამ შესთავაზა. თურქეთში კი, ამ დრომდე COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული თითქმის 134 000 შემთხვევაა გამოვლენილი. ქვეყანაში 3 600-ზე მეტი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა.

გაეროში აცხადებენ, რომ პანდემიამ სიძულვილი და ქსენოფობია გამოიწვია. გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა მსოფლიოს გამოწვევებთან ბრძოლაში ერთიანობისკენ მოუწოდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 4 მილიონს უახლოვდება. აქედან COVID-19-ის დამარცხება თითქმის 1 360 000-მა ადამიანმა შეძლო. ლეტალურად კი    271 000-ზე მეტი შემთხვევა დასრულდა.

დღის ამბები