24 აპრილი 2024,   22:56
ვრცლად
ქვეყნები ეკონომიკის გადასარჩენად კორონავირუსის პარალელურად ცხოვრებას იწყებენ - რას გამოიწვევს საკარანტინო ზომების შემსუბუქება მსოფლიოში

მსოფლიო კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას სწავლობს. იმისთვის, რომ პანდემიის პარალელურად კრიზისის ახალი, ეკონომიკური ეტაპი არ დაიწყოს, ქვეყნებმა მკაცრი საკარანტინო ზომების შემსუბუქება დაიწყეს. მათ შორის არის იტალიაც. სახელმწიფო, რომელსაც COVID-19-მა უდიდესი ზარალი მიაყენა. 8 კვირიანი შეზღუდვების შემდეგ აკრძალვები ეტაპობრივად უქმდება. გაიხსნა მაღაზიები, ბიბლიოთეკები, პარკები და საწარმოები. მაისის შუა რიცხვებიდან კი იტალიელები ტაძრებში სიარულსაც შეძლებენ.

ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა დააანონსა ისრაელის მთავრობამაც. მანამდე კი აკრძალვები მოიხსნა მაღაზიების ნაწილისთვის. შეზღუდვები შემსუბუქდა რელიგიური-ჯგუფური შეკრების შემთხვევაშიც. სკოლებში  სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგენილია. ხელისუფლება ადგილობრივებს დრონის საშუალებით აღარ აკონტროლებს, თუმცა ძალაში რჩება იმ აპლიკაციების გამოყენება, რომლითაც კორონავირუსით დაავადებული პირების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.

შეზღუდვების მოხსნის 4 ფაზიანი გეგმის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია ესპანეთში. ქვეყანაში, სადაც უმკაცრესი საკარანტინო რეჟიმი ორ თვეს გაგრძელდა. 47 მილიონიან მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა კვლავ შეუძლია, თუმცა სოციალური დისტანცირებისა და რეკომენდაციების შესრულება მკაცრად კონტროლდება. მოიხსნა მანქანით გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვებიც, მაგრამ ავტომობილით მგზავრობა მხოლოდ ერთ ადამიანს, მძღოლს, შეუძლია.

კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმა, რა ეტაპების გავლით დაიწყებს შეზღუდვების მოხსნას ბრიტანეთი, ჯერჯერობით უცნობია. მანამდე, საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანა ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურების გარდა სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენასაც გეგმავს.

კორონავირუსთან საბრძოლველად დაწესებული აკრძალვების მოხსნა ერთმანეთისგან განსხვავებულია გერმანიის 16-ვე მხარეში. გახსნილია სათამაშო მოედნები, მუზეუმები და ეკლესიები. მკაცრი ჰიგიენური ნორმების დაცვით განაახლეს მუშაობა სილამაზის სალონებმა. ამ დრომდე დაკეტილი რჩება საბავშვო ბაღები, რესტორნები, ღამის კლუბები და კინოთეატრები.

გერმანიის მსგავსად, შეზღუდვების მოხსნის ეტაპები განსხვავებულია ამერიკის ყველა შტატში. უკვე ორი კვირაა, საკარანტინო ზომები შემსუბუქებულია ახალ ზელანდიაში. ქვეყანაში, რომელმაც შემოღებული აკრძალვებით პანდემიის გავრცელება მინიმუმამდე შეაჩერა, ამ დრომდე დაკეტილი რჩება სავაჭრო ცენტრები, კაფე-ბარები და ესთეტიკური ცენტრები.

ანტიკრიზისული გეგმა, რომელმაც მსოფლიო პანდემიის პარალელურად ეკონომიკური კრიზისიდანაც უნდა გამოიყვანოს, ყველა ქვეყნისთვის ინდივიდუალურია. მედიკოსები ფიქრობენ, რომ შეზღუდვების ნაადრევმა მოხსნამ შესაძლოა პანდემიის მეორე ტალღა გააჩინოს. 

დღის ამბები