19 აპრილი 2024,   17:19
ვრცლად
ირაკლი სესიაშვილი Daily Mail-ის სტატიაზე - "ინფორმაციას შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ"

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ეხმაურება  Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, კრემლთან დაახლოებული ჰაკერების დაჯგუფებები, რომლებიც საქართველოში არიან დაფუძნებული, ბრიტანეთის სამედიცინო ცენტრებს თავს ესხმიან.

სესიაშვილის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებულ ცნობებს შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ და აქვე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის წევრებს გაუცრუვდებათ იმედი, რომ სტატიით საქართველოს იმიჯი დაზიანდება.

"ეს არის ჩვენი ოპონენტების იმ მავნებლური სერიიდან, როცა ძალიან სურთ, რომ საქართველოს იმიჯი დაზიანდეს. ამ ინფორმაციას შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ და მორიგ ჯერზე ჩვენს ოპონენტებს იმედი უნდა გავუცრუოთ, რომ საქართველო არანაირად არ ფიგურირებს ამ ნეგატიურ მოვლენაში," - განაცხადა სესიაშვილმა.

დღეს "დეილი მეილის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.

"ამის შესახებ ან არაფერი იცის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ან - მიზანმიმართულად ხელს უწყობს რუსული ჰიბრიდული ომისთვის საქართველოს პლატფორმად გადაქცევას," - განაცხადა დეკანოიძემ.

დღის ამბები