16 აპრილი 2024,   18:50
ვრცლად
დაუჯერებელია, რომ გინეკოლოგმა მოინახულა ორსული ქალბატონი და ვერ გამოავლინა ორსულობა - თამარ გაბუნია

სახალხო დამცველის ანგარიშს, რომელიც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ქალების სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებს ეხება, ჯანდაცვის სამინისტროში გამოეხმაურნენ. უწყებაში განმარტავენ, რომ კონკრეტულად ამ ფაქტს, სამინისტრო კომპლექსურად შეისწავლის. 

საუბარია კონკრეტულ ფაქტზე, როდესაც პაციენტმა ქალმა ფსიქიატრიული დაწესებულების საპირფარეშოში დამოუკიდებლად ისე იმშობიარა, მისი ორსულობის შესახებ ექიმებმა არაფერი იცოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ის ორ სხვადასხვა დაწესებულებაში გინეკოლოგებმა გასინჯეს, ორსულობა კი ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაადგინეს.

"ყველას მოეთხოვება, რომ ჰქონდეს კონტრაქტი სპეციალისტებთან, თუმცა როგორც ჩანს, ან არ შედგა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სპეციალისტის კონსულტაცია, რადგან მართლაც სრულიად დაუჯერებელია, რომ ორ სხვადასხვა დაწესებულებაში გინეკოლოგმა მოინახულა ორსული ქალბატონი და ვერ გამოავლინა ორსულობა. ამ ფაქტს შევისწავლით და როცა გვექნება დასრულებული კვლევის შედეგები, უფრო კონკრეტული პასუხიც იქნება ამ შეკითხვაზე და რეაგირებაც უფრო კონკრეტულად იქნება შესაძლებელი," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. 

რამდენად დაცულია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ქალების სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები - ამ თემაზე სახალხო დამცველმა დღეს კვლევა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები 12 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამ პანსიონატსა და 6 სათემო ორგანიზაციაში იმყოფებოდნენ. 

კვლევის თანახმად, ერთ-ერთ ფქსიქიატრიულ დაწესებულებაში პაციენტმა დაწესებლების საპირფარეშოში, დამლუკიდებლად ისე იმშობიარა, მედიკოსებს მისთვის ორსულობა, კონსულტაციის მიუხედავად დადგენილი არ ჰქონდა.

დღის ამბები