25 აპრილი 2024,   13:55
ვრცლად
ერთ-ერთი მტკიცებულება არის ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელიც უტყუარად ადასტურებს, რომ მერაბ კობიაშვილი არის უდანაშაულო - ადვოკატი 

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მოსამართლე განჩინებას ხვალ გამოაცხადებს. ხვალვე სასამართლო, სავარაუდოდ, ბრალდებულის - მერაბ კობიაშვილის აღკვეთი ღონისძიების საკითხს განიხილავს.

ხვალვე განიხილება საქმის ნაფიც მსაჯულთა გადაცემის საკითხიც, რომლის დაყენებასაც დაცვის მხარე აპირებს.

მკვლელობა გუდაურში მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა. გამოძიება მერაბ კობიაშვილს თამაზ გორთამაზაშვილის განზრახ მკვლელობასთან ერთად, კიდევ ერთი პირის მკვლელობის მცდელობას ედავება.

"ერთ-ერთი უმთავრესი მტკიცებულება, რომელიც დაცვის მხარეს წარდგენილი გვაქვს, არის ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელიც უტყუარად ადასტურებს იმას, რომ მერაბ კობიაშვილი არის უდანაშაულო. ბრალდების მხარე ძირითადად ეყრდნობა ტენდენციურ, მიკერძოებულ მოწმეთა ჩვენებებს. მაგალითად, დაზარალებულის ახლობლების ჩვენებებს, რომლებიც ვერ იქნება მიჩნეული უფრო დამაჯერებელ მტკიცებულებად, ვიდრე ვიდეო კამერის ჩანაწერი. საქმეს განიხილავენ თუ არა ნაფიც მსაჯულები, აღნიშნული საკითხი გაწყდება ხვალ, პროცედურულად და აღნიშნულ საკითხთან ერთად ასევე გადაწყდება საქმის არსებითად გადაცემის საკითხი,“ - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

დღის ამბები