18 აპრილი 2024,   22:06
ვრცლად
ჭიათურის მაღაროში თანამშრომელმა ცვლის უფროსი დაჭრა, შემდეგ კი საჩხერის პოლიციის უფროსს დაესხა თავს

ჭიათურის მუნიციპალიტეტში პერევისას მაღაროში თანამშრომელმა ცვლის უფროსი დაჭრა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ცვლის უფროსს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჭიათურის პროფკავშირების უფროსის ინფორმაციით, დაპირისპირება სავარაუდოდ სოციალურ ნიადაგზე მოხდა.

მაღაროების რამდენიმეთვიანი გაჩერების გამო, თანამშრომლები გაათავისუფლეს, რაც უკმაყოფილების მიზეზი გახდა.  

მომხდარი ფაქტის შემდეგ ინციდენტში მონაწილე პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა. დაკავებულმა კი,  საგამოძიებო ღონისძიების მიმდინარეობისას, საჩხერის პოლიციის შენობაში,  პოლიციის თანამშრომელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

არსებული ინფორმაციით, პოლიციელი, რომელსაც თავს დაესხნენ საჩხერის პოლიციის უფროსია. დაკავებულს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმასა და განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. 

"თავისი ცვლის უფროსი დაჭრა, როგორც ირკვევა ეს სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას არ მომხდარა. სახლში ისვენებდა ბრალდებული, შემდეგ მაღაროში ასულა, ხმაური არავის გაუგონია, მისულა და დაუჭრია,"- აცხადებს ადგილობრივი.

თანამშრომლის მიერ დაჭრილი მაღაროს ცვლის უფროსი ხვიჩა ცაცვიძე კი ჭიათურაში, " ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკაშია მოთავსებული. მას ცივი იარაღით ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული. ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"მას ჰქონდა მუცლის წინა კედლის ჭრილობა, მაგრამ შინაგანი ორგანოების დაზიანება არ აღენიშნებოდა. ჭრილობებში ჩატარდა რევიზია და პაციენტი კლინიკური მეთვალყურეობის ქვეშ მოთავსდა. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,"- განაცხადა ექიმმა ზაზა კახნიაშვილმა

დღის ამბები