24 აპრილი 2024,   10:32
ვრცლად
კორონავირუსი მსოფლიოში საპროტესტო ტალღის მიზეზი ხდება - მოსახლეობა სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას ითხოვს

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო გლობალურმა პროტესტმა მოიცვა. აქტივისტების მთავარი მოთხოვნა სამუშაო ადგილებზე დაბრუნებაა. ესპანეთში ქვეყნის პრემიერის განცხადებას საგანგებო მდგომარეობის შესახებ პროტესტის ახალი ტალღა მოჰყვა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდებენ.

შეზღუდვები გააპროტესტეს პოლონეთშიც. ვარშავაში გამართულ აქციაზე მოქალაქეები ბიზნესის გახსნის დაჩქარებას ითხოვდნენ. აქტივისტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაპირისპირების დროს ფიზიკური დაზიანებები მიიღო პოლონეთის ოპოზიციური ძალების ერთ-ერთმა ლიდერმაც.

დაკავებებით დასრულდა საპროტესტო აქცია ლონდონშიც. მოქალაქეები სავალდებულო ვაქცინაციასა და კორონავირუსით შექმნილ მძიმე სოციალურ პოლიტიკას აპროტესტებენ. დემონსტრანტების განცხადებით, კორონავირუსი მსოფლიო მასშტაბის სიცრუეა. საპროტესტო აქციაზე ანტისახელისუფლებო განცხადებების გამო დააკავეს დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, ჯერემი კორბინის, ძმაც.

"აქ არავინ ვართ მეამბოხე და სახელმწიფოს მტერი, არ გვსურს ვიყოთ კანონდამრღვევები, მაგრამ როცა ჩვენი პირადი თავისუფლების ხელყოფა ხდება, სხვა გზა არ გვრჩება, მისთვის უნდა ვიბრძოლოთ," - განაცხადა ლონდონში მიმდინარე აქციის მონაწილემ.

უკვე რამდენიმე კვირაა, შეზღუდვებს აპროტესტებენ გერმანიის ქალაქებშიც. დაკავებულია რამდენიმე ასეული აქტივისტი. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქება და ეკონომიკის სრული ამუშავება, შესაძლოა, ვირუსის მეორე ტალღის მიზეზი გახდეს. დემონსტრანტები კი ირწმუნებიან, რომ  ინფორმაცია კორონავირუსის მეორე ტალღის შესახებ სოციალური მედიის მოგონილია.

"გერმანელი პოლიტიკოსების მთავარი მიზანი იმ შეთქმულების განხორციელებაა, რომელსაც ლოქდაუნით, შათდაუნით ჩვენ წინააღმდეგ ახორციელებენ საერთაშორისო ძალები," - აღნიშნა ბერლინის პროტესტის მონაწილემ.

აქციები არ გამართულა იტალიაში. ქვეყნის პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანას შეზღუდვების გაგრძელების რესურსი აღარ გააჩნია და აუცილებელია ეკონომიკური და ბიზნესსაქმიანობის აღდგენა, თუნდაც ამან ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვის ზრდა გამოიწვიოს. იტალიაში ხვალიდან გაიხსნება ყველა მაღაზია, სპორტდარბაზები, საცურაო აუზები და  სპორტული ცენტრები.

კორონავირუსის გამო შეწყვეტილი ანტისამთავრობო გამოსვლები ჰონგ-კონგში კვლავ აღდგა. ამჯერად აქტივისტები ჩინეთიდან ჰონგ-კონგის სრულ დამოუკიდებლობას და კორონავირუსის პანდემიის გამო არსებული რეგულაციების მოხსნას მოითხოვენ. დემონსტრანტებმა ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში თავიანთი საპროტესტო ჰიმნიც შეასრულეს.

დღის ამბები