18 აპრილი 2024,   17:51
ვრცლად
ავტომობილების გასხვისება და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვა - ქურდულ სამყაროსთან დაახლოებული 13 პირი დაკავებულია

თბილისში, ხაშურში, ცაგერსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 პირი კანონიერ ქურდებთან კავშირის, ქურდული სამყაროს წევრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2020 წლის მარტის თვეში საქართველოში მოქმედ ერთ-ერთ ბიზნესმენს დიდი რაოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, წინასწარ ნაქირავებ ბინაში წაიყვანეს და თავისუფლების სანაცვლოდ 7 500 დოლარი მოსთხოვეს. შემდეგ კი კონკრეტულ ვადაში 50 000 დოლარის გადახდა დააკისრეს. ბრალდებულების ნაწილს ბრალი კიდევ ერთ ეპიზოდში, ავტომანქანების გასხვისების დავებში, მონაწილეობას ედავებიან.

საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირი "კურიერის" ინფორმაციით, გიორგი ღოღელიანია, რომლის მეშვეობითაც ბიზნესმენს დიდი ოდენობით თანხა დაათმობინეს. სწორედ მისი მონაწილეობით იგეგმებოდა დანაშაულებრივი სქემის დეტალები. საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებში კანონიერ ქურდ გიორგი ღოღელიანის გარდა ფიგურირებს 24 წლის თორნიკე ოკრიბელაშვილი, რომელიც დანაშაულებრივი სქემის მთავარი ფიგურაა. მან ბიზნესმენი მოტყუებით თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე მიიყვანა, შემდეგ კი ღოღელიანთან სატელეფონო საუბრით ქურდული გარჩევა მოუწყო.

ე.წ. კანონიერ ქურდთან სატელეფონო საუბრის დასრულებისას ბიზნესმენმა განაცხადა, რომ მას თან თანხა არ ჰქონდა, რის შემდეგაც თორნიკე ოკრიბელაშვილმა მის თანამზრახველებთან ერთად ქურდული გარჩევა ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური დაზიანებების მუქარით გააგრძელეს. სთხოვდნენ პროცენტის გადახდას, რომელიც მათი თქმით, განკუთვნილი იყო კანონიერი ქურდებისთვის - მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლისთვის, გიორგი ღოღელიანისთვისა და ვარლამ კუხიანიძისთვის.

13- ვე ბრალდებული ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია. ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს, ნაწილი ამბობს, რომ უდანაშაულოა და დაკავების ოპერაციაში შემთხვევით მოხვდა. ერთ- ერთი პირი დაკავებულებიდან 1970 წელს დაბადებული ივანე ბოკერიაა. მას გამოძიება ქურდული სამყაროს წევრებთან კავშირს ედავება. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ბოკერია კრიმინალურ ავტორიტეტთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

"კურიერი" ესაუბრა ერთ-ერთი დაკავებული პირის ძმასაც, რომელიც 13 ბრალდებულიდან 4 პირის უდანაშაულობაზე საუბრობს. ამბობს, რომ გამოძიების მიერ ნივთმტკიცების სახით ამოღებული 3 ძვირადღირებული მანქანიდან 2 ბმვ-ს მარკის ავტომობილი მათი ოჯახის კანონიერი საკუთრებაა, რაც ნივთმტკიცებად არ შეიძლება ჩაითვალოს. ასევე, გამორიცხავს მისი ძმის კავშირს კანონიერ ქურდებთან.

ბრალდებულები ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის ოფიციალურად წარდგენის მოლოდინში არიან. გამოძიება მომხდართან დაკავშირებით გრძელდება, დანაშაული 3-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

დღის ამბები