25 აპრილი 2024,   09:45
ვრცლად
პრეზიდენტის შეწყალების აქტი - "ღამის კურიერში" პრეზიდენტის მიერ გამხელილ განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში რეაქციები მოჰყვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ღამის კურიერს" და, შესაბამისად, მთელ ქვეყანას გაუმხილა, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოდან 3 პირველი პირი - ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და არჩილ თალაკვაძე - მის მიერ მიღებული შეწყალების გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული.

პრეზიდენტის სიტყვები მალე კითხვებად იქცა, თუმცა არა მისი, არამედ იმ ადამიანების მისამართით, ვისი მხარდაჭერითაც სალომე ზურაბიშვილი უმაღლესი მთავარსარდალი გახდა. "ქართული ოცნება" დღესაც ამბობს, რომ გადაწყვეტილება პირდაპირ ტელევიზორებიდან არა, თუმცა ზუსტად მაშინ გაიგეს, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი ეთერისთვის ემზადებოდა, ანუ რამდენიმე წუთით ადრე. შესაბამისად, არც კონსულტაციებისთვის იყო დრო და არც მისი აზრის პირადად დასაწუნებლად, რომელსაც "ოცნება" დღესაც არ ემხრობა.

"ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარე არ პასუხობს იმ მთავარ კითხვას, რაც მის ირგვლივ გაჩნდა: რატომ არ ჩააყენა საქმის კურსში გუნდის დანარჩენი წევრები. "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი დღესაც ამბობს, რომ ცოდნა- არცოდნაში დასამალს ვერაფერს ხედავს და მას ინფორმაცია ნამდვილად არ ჰქონდა.

თავად შეწყალებულებისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ვინ რა იცოდა ან არ იცოდა. გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში სწორ ნაბიჯად მიაჩნიათ ქვეყნისთვის, პროცესებისთვის და თავად "ოცნებისთვისაც."

ოპოზიციაში არ სჯერათ იმ სცენარის, რომ  სალომე ზურაბიშვილმა ჩააყენა ვინმე საქმის კურსში დამოუკიდებელი გადაწყვეტილების შესახებ. მათ პირიქით ჰგონიათ, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ჩააყენა საქმის კურსში პრეზიდენტი, რომ ოპოზიციური ლიდერების გათავისუფლება სურდა, რაც მოცემულობას ცვლის. ოპოზიცია შორსაა იმ აზრისგან, რომ გადაწყვეტილებებს პრეზიდენტი დამოუკიდებლად იღებს.

მმართველ გუნდში დღეს ოპოზიციის ბრალდებებში ისევ სკანდალის სურვილი ამოიკითხეს. ”ოცნებაში" უკვირთ, რატომაა აჟიტირების საგანი ის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ყველა ინსტიტუციას სცა პატივი და გადაწყვეტილება წინასწარ გააჟღერა, ან რა დამატებით ქვეტექსტებს ეძებენ მათი ოპონენტები.

"ღამის კურიერის" წამყვანთან, დავით კაკულიასთან, ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას წინ ხანგრძლივი ფიქრი უძღოდა და არ უძღოდა მოლოდინი იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებით ყველას გულს მოიგებდა.

 

 

დღის ამბები