31 მაისი 2020,   12:56
ვრცლად
"ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება მხოლოდ, ეს მთავრობასთან შეთანხმებული, პრემიერის პრეროგატივა და გადაწყვეტილებაა" - ციხელაშვილის პირველი კომენტარი

მინისტრი, რომელიც ზუსტად 24 დღეში თანამდებობას ოფიციალურად დათმობს, პირველ განცხადებას საოკუპაციო ხაზიდან აკეთებს.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ქეთევან ციხელაშვილი მინისტრობის შემდეგ მუშაობას ელჩად გააგრძელებს, ის სოფელ ოძისში ჩავიდა. მინისტრი ადგილობრივებს შეხვდა და კიდევ ერთხელ გაეცნო იმ პრობლემებს, რომელსაც მინისტრის რანგში 2016 წლის აგვისტოდან ისმენს. მისი შეცვლის გადაწყვეტილება ოფიციალურად 15 ივნისიდან შევა ძალაში.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საკადრო ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. 

"ნამდვილად მიღებულია ასეთი გადაწყვეტილება, რომ 15 ივნისიდან მე გავაგრძელებ საქმიანობას ავსტრიაში, ეუთო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად, ასევე, ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში. თუმცა 15 ივნისამდე მე ვაგრძელებ საქმიანობას როგორც სახელმწიფო მინისტრი. აქ არანაირი მიზეზების ძებნა არ არის საჭირო. ეს არის ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, რომ ადამიანებმა შეიძლება გარკვეულად შეიცვალონ პოზიცია და იქ იყვნენ, სადაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება მათი უნარი და შესაძლებლობები.

ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება მხოლოდ, ეს მთავრობასთან შეთანხმებული, პრემიერის პრეროგატივა და გადაწყვეტილებაა," - ამბობს ციხელაშვილი.

ქეთევან ციხელაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ტოვებს და ის მუშაობას ავსტრიაში ელჩად გააგრძელებს. ასევე, უკვე დადასტურებულია, რომ ის იქნება ელჩი ეუთოშიც. ქეთევან ციხელაშვილი დავით დონდუას ჩაანაცვლებს. 

დღის ამბები