20 აპრილი 2024,   09:19
ვრცლად
2 მილიონი გამოჯანმრთელებული და 340 000-ზე მეტი გარდაცვლილი - მსოფლიო პანდემიის მძიმე შედეგებთან ბრძოლას განაგრძობს

შეერთებული შტატები ინფიცირებისა და ფატალური შემთხვევების მიხედვით ისევ პირველ ადგილზეა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 21 484 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 1 145-ით გაიზარდა. პანდემიის მიუხედავად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სალოცავი ადგილები მნიშვნელოვან ადგილებად გამოაცხადა და შტატების გუბერნატორებს მოუწოდა, რომ სალოცავები დაუყოვნებლივ გაიხსნან.

ინფიცირების შემთხვევებით კორონავირუსის მსოფლიო რუკაზე მეორე ადგილზე გადაინაცვლა ბრაზილიამ. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 803 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულების საერთო რაოდენობა 330 890-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სამხრეთ ამერიკა, შესაძლოა, ვირუსის ახალ ეპიცენტრად იქცეს.

ორკვირიანი კარანტინი სავალდებულო გახდება დიდ ბრიტანეთში ჩასული მგზავრებისთვის. 8 ივნისიდან ქვეყანაში ჩასვლისთანავე ნებისმიერი მგზავრი ვალდებული იქნება, შეავსოს ონლაინფორმა და დატოვოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იქნება ის თვითიზოლაციის პერიოდში. დიდი ბრიტანეთი COVID ინფექციის გავრცელების კუთხით მსოფლიო რუკაზე მე-5 ადგილზეა.

კორონავირუსმა მწვავე კრიზისის წინაშე არამხოლოდ ჯანდაცვის, არამედ ეკონომიკის სფეროც დააყენა. ჩილეში ადგილობრივებმა საკვების მოთხოვნით აქცია გამართეს, პროტესტი პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა მკაცრი კარანტინის მოხსნა მოითხოვეს. მომიტინგეებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ჩილეში  კორონავირუსის სულ ათასამდე შემთხვევაა გამოვლენილი.

პანდემიამ რთულ ვითარებაში ჩააყენა რელიგიური დაწესებულებებიც. მუსლიმ მორწმუნეებს, რომლებიც სოციალური დისტანცირების წესების გამო მეჩეთებში ვერ ლოცულობდნენ, ბერლინში ლუთერანულმა ეკლესიამ სამლოცველო დაუთმო. გერმანიაში რელიგიური წირვები 4 მაისიდან განახლდა, თუმცა სამლოცველოებში მოსახლეობას მეტრნახევრიანი დისტანციის დაცვა ევალება.

მსოფლიოში COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა ორ მილიონს მიაღწია, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 5 213 483-ის. ვირუსს ამ დრომდე        340 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები