19 აპრილი 2024,   12:18
ვრცლად
მოცემულობა მარტივია - საერთაშორისო სანქციები თუ პოლიტიკური შეთანხმების შესრულება - ოპოზიცია თეა წულუკიანს პასუხობს

ოპოზიციის გარეშე მიღებული ცვლილებები - რატომ არ უნდა დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი ოპოზიციამ - ოპონენტების მოთხოვნაში ლოგიკას ვერ ხედავს ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი. მან "ღამის კურიერში" განაცხადა, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი ოპოზიციისთვის საბაბია.

თეა წულუკიანის ამ განცხადებას ოპოზიციური სპექტრი გამოეხმაურა. მათ იუსტიციის მინისტრს კიდევ ერთხელ განუმარტეს, თუ რას გულისხმობს შეთანხმების ორივე ნაწილი და რატომ უნდა შესრულდეს ის. 

"პოლიტიკური შეთანხმებისა და შემდეგ ჯერზე პოლიტიკური სპექტრისა და საერთაშორისო საზოგადოების გადაგდება აღარ გამოვა. უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს. სხვა შემთხვევაში არჩევნების ლეგიტიმურობის ხარისხი ძალიან დაბალი იქნება და "ოცნების" ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო სანქციები მოჰყვება. ამიტომ, მოცემულობა მარტივია - საერთაშორისო სანქციები თუ პოლიტიკური შეთანხმების შესრულება - ეს მათ უნდა აირჩიონ,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი. 

რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი კი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლება ივნისის ბოლომდე მოუწევს.

"ივნისის ბოლომდე ხელისუფლება რაიმე ფორმით იძულებული გახდება, რომ გიორგი რურუა ციხიდან გამოუშვას. რადგან მათ საკუთარი არაკვალიფიციურობით უზრუნველყვეს ის, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობაზე ღიად საუბრობს ევროპისა და ამერიკის საგარეო პოლიტიკის ლიდერი წარმომადგენელი,"- აღნიშნავს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი. 

ვიცეპრემიერმა თეა წულუკიანმა "ღამის კურიერში" განაცხადა, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი ოპოზიციისთვის საბაბია. მისთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა დაუჭიროს ოპოზიციამ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს. იუსტიციის მინისტრმა "რუსთავი 2-ის" ეთერში ისიც თქვა, რომ პრეზიდენტის შეწყალების გადაწყვეტილების შესახებ იმ დღეს შეიტყო, როდესაც ეს სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ განაცხადა.

დღის ამბები