19 აპრილი 2024,   09:00
ვრცლად
შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ ეკლესია რამეში გამოიყენებს ხე-ტყეს, მაგრამ ეს ასე არ არის - მეუფე გრიგოლი ტყის კოდექსს დადებითად აფასებს

ჭყონდიდელი ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლ კაცია ტყის კოდექსის მიღებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ტყეს ეკლესია დაიცავს.

მისი თქმით, არაერთი მაგალითი მოწმობს, რომ ყველაზე ლამაზი და შემონახული გარემო სწორედ ეკლესიების გარშემოა.

მეუფე გრიგოლის თქმითვე, შესაძლოა ვინმე ეჭვობდეს, რომ ეკლესიას მიწები საკუთარი მიზნებისთვის, მაგალითად, ბიზნესისთვის სჭირდება, თუმცა ეს ასე არ არის და არც ხელისუფლება ცდილობს ეკლესიის გულის მოგებას წინასაარჩევნოდ. 

"მარტვილის მონასტერი მერვე საუკუნიდან არსებობს და საუკუნეებია ეპარქია ინარჩუნებს ტყეს და ამრავლებს. მიუხედავად იმისა, რომ შემოსევების დროს დაუნგრევიათ და გადაუწვავთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიები, ჩვენი ეკლესია და ქართველი ერი ყოველთვის ერთად ზრუნავდა მათ გადარჩენაზე და ეს არის კარგი მაგალითი ჩვენთვის.

პატრიარქი მუდამ ქადაგებს, რომ დავრგოთ ხეები და ასე შევინარჩუნოთ მწვანე ზოლი მომავალი თაობებისთვის. შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ ეკლესია რამეში გამოიყენებს ხე-ტყეს, მაგრამ ეს ასე არ არის. თბილისი მთაწმინდის გარეშე არ არსებობს, მცხეთა - სვეტიცხოვლის, ქუთაისი - გელათის და ბაგრატის. ეს ადგილებია ზუსტად იმ ლამაზ ტერიტორიებზე. ეს არის პრივილეგია თუ ეს ღვაწლია? ეს არის შრომა თუ სხვა რამ? მე ვფიქრობ, შეიძლება ხელისუფლება ზრუნავს, რომ ეკლესიას დაუბრუნდეს ძველი დიდება, თამარის, დავითის დროინდელი, ძველი დიდი პატრიარქების. შეიძლება ეს ზრუნვაა, რომ დარჩეს ჩვენს ერს, ჩვენს მომავალს ეს ხე-ტყე," - განუცხადა მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს. 

დღის ამბები