25 აპრილი 2024,   20:59
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილი საპატიმროდან 100 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება - ჩოგბურთელს ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობა ედება ბრალად

ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ნათია გურულმა განაცხადა.

პროკურორი არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე მტკიცებულებებზე არ საუბრობს.

გარდა ამისა, პროკურორმა დაადასტურა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას, რძლის მიმართ შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი.

"სასამართლო არ დაგვეთანხმა იმ გარემოებაში, რომ არსებობდა მაღალი რისკები, ჩადენილიყო ახალი დანაშული, ასევე განადგურებულიყო მტკიცებულება ან მომხდარიყო ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან მიმალვა. 

გირაო ნიკოლოზ ბასილაშვილს შეეფარდა 100 000 ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფით და გადახდის ვადად დაუწესდა 30 დღე.

გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ბრალდების მხარე მტკიცებულების შინაარსობრივ კვლევაში ამ ეტაპზე ვერ შევა. თუმცა ჩვენ სრული მტკიცებულებები, რაც არსებობდა გადავეცით, როგორც სასამართლოს, ასევე დაცვის მხარეს.

ფაქტს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას გამოწერილი აქვს შემაკავებელი ორდენი ვადასტურებთ, თუმცა მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელებას თავად დაზარალებულიც არ მიუთითებს ამ ეტაპზე. შესაბამისად, ბრალდება წარდგენილია ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ოჯახური ძალადობისთვის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

გამოძიება გრძელდება. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს ჩაინიშნა. ბრალდების მხარე წინასასამართლო სხდომამდე ყველა მტკიცებულებას მოიპოვებს," - განაცხადა პროკურორმა.

დღის ამბები