25 აპრილი 2024,   09:50
ვრცლად
საქართველოს პირველი ჩოგანი ბრალდებულის სკამზე - ნიკოლოზ ბასილაშვილს გამოძიება ყოფილი ცოლის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ედავება

მსოფლიოში ცნობილ ჩოგანს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ნიკოლოზ ბასილაშვილს გამოძიება ყოფილი ცოლის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ედავება. საქმის მასალების მიხედვით, სპორტსმენმა ყოფილ მეუღლეზე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით იძალადა. ნეკა დორაყაშვილი "კურიერთან" ინტერვიუში ირწმუნება, რომ ბასილაშვილი მას ფიზიკურად გაუსწორდა და სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

დაპირისპირება ყოფილ ცოლ-ქმარს შორის 3 დღის წინ ავჭალაში მდებარე ბასილაშვილის სახლში მოხდა. დაზარალებულის მტკიცებით, ყოფილ მეუღლეებს შორის ჩხუბი მაშინ მოხდა, როდესაც ქალი ბასილაშვილებთან მცირეწლოვანი შვილის წამოსაყვანდ მივიდა. კონფლიქტში, ნეკა დოროყაშვილის თქმით, ცნობილი სპორტსმენის მამაც ჩაერია, რომელიც ქალის მტკიცებით მას ცივი იარაღით დაედევნა.

შემთხვევიდან რამდენიმე საათში ცნობილი სპორტსმენი სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში დააკავეს და წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ბრალის წარდგენის შემდეგ კი, პროკურატურამ სასამართლოს მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა არ გაიზიარა და ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს 100,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას ნიკა ბასილაშვილის წარმატებულ კარიერას უკავშირებს.

რა მტკიცებულებების საფუძველზე ითხოვდა სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის წინააღმდეგ პატიმრობას უცნობია, რადგან პროცესი მხარეების მოთხოვნით მედიისთვის დახურული იყო. მტკიცებულებების შინაარსზე ჟურნალისტებთან არც დაცვის და არც ბრალდების მხარეები საუბრობენ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი გათავისუფლების შემდეგ მედიასთან არ გამოჩენილა. ბრალდებებთან დაკავშირებით მცირე კომენტარი "კურიერთან" მისმა მამამ, ნოდარ ბასილაშვილმა გააკეთა და ყოფილი რძლის ბრალდებები კატეგორიულად უარყო.

ნიკოლოზ ბასილაშვილის დაკავებას საერთაშორისო სპორტული მედიაც ეხმაურება, სადაც საუბარია, რომ ტოპ -ოცის ყოფილი წევრი, ცოლის მიმართ ფიზიკური ძალადობაშია ბრალდებული.

ნიკა ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტის გამოძიების პროცესს მონიტორინგს გაუწევს სახალხო დამცველიც.

საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში რამდენიმე კვირაში დაიწყება. ძალადობაში ბრალდებული ცნობილი სპორტსმენი სასამართლო სხდომებზე საკუთარი სახლიდან ივლის.

 

დღის ამბები