06 ივლისი 2020,   16:00
ვრცლად
ცვლილებები ტყის კოდექსში - უნდა იყოს თუ არა მონასტრების საკუთრებაში ტყის ტერიტორიები

ტყის კოდექსი ბოლო პერიოდის ყველაზე განხილვადი თემა გახდა. საზოგადოების აზრი ორად გაიყო - უნდა იყოს თუ არა ბერებისა და მონასტრების საკუთრებაში ტყეები.

წოდორეთის ტყე ის ადგილია, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა სხვადასხვა სოციალური ქსელის ინტერნეტჰიტად იქცა. მიზეზი ჭიშკარი გახდა, რომელიც ბერებმა დაამონტაჟეს. ამ გზით კი, ტერიტორიების დიდი ნაწილი მიისაკუთრეს და მნიშვნელოვანი ტურისტული გზა გადაკეტეს.

როგორც სასულიერო პირები ყვებიან, გზის გადაკეტვას სატყეო სააგენტო სავალი ნაწილიდანვე აპირებდა, თუმცა, ვინაიდან ამ ფართის გარკვეული ნაწილი 2014 წლიდან მონასტრის საკუთრებაა, მანძილმა 700 მეტრით გადაიწია. რაც შეეხება ე.წ. ტურისტული გზის ჩაკეტვას, რომელიც დაახლოებით 400 მეტრის მოშორებით ჩიხით სრულდება, ის დღეს "კურიერი" გადამღებმა ჯგუფმა სასულიერო პირებთან ერთად გადაამოწმა.

აღნიშნულ ფაქტს თავდაპირველად არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი აპროტესტებდა, ახლა კი ამბობენ, რომ მისი შესწავლაა საჭირო. ამასთან, მესამე სექტორში არ გამორიცხავენ, რომ ტყის ახალ კოდექსს, რომელიც პარლამენტმა პარასკევს დაამტკიცა, კიდევ ბევრი პრობლემა მოჰყვება. მათივე შეფასებით, კოდექსში შეტანილი სიახლე დისკრიმინაციულია.

ანალოგიური პოზიცია აქვთ "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტში". არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების განცხადებით, არ არის გამორიცხული ურთიერთობის დაძაბვა სხვა კონფესიების წარმომადგენლებთან, რომლებიც მონასტრის სიახლოვეს ცხოვრობენ. სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ ცვლილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

პრობლემას ვერ ხედავენ სასულიერო პირები. მათი განცხადებით, ბერები ტყეზე სათანადოდ იზრუნებენ და უკონტროლო გაკაფვისგან დაიცავენ. შესაბამისად საპატრიარქოს წარმომადგენლებისთვის გამოთქმული პრეტენზიები მიუღებელია.

ტყის კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით პარასკევს დაამტკიცა. ძირითადად საუბარია ტყის მოვლასა და დაცვაზე. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კოდექსის იმ ნაწილს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ტყეში მდებარე ეკლესიებს 20 ჰექტრამდე ტერიტორიის ფლობის უფლება ეძლევათ.

დღის ამბები