07 ივლისი 2020,   07:45
ვრცლად
თბილისის სააპელაციო სასამართლო მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვას იწყებს

თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეიდან ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულის მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვას იწყებს.

ადვოკატი ზურაბ თოდუა აპირებს, მეორე ინსტანციას საქალაქო სასამართლოს მიერ გამოკვლეული ყველა მასალის ხელახლა გამოკვლევის შუამდგომლობით მიმართოს.

ზურაბ თოდუა ახალ მტკიცებულებებზეც საუბრობს. ამავე დროს, მიხეილ კალანდიას უფლებადამცველი ითხოვს, სხდომები ჩვეულებრივ რეჟიმში გაიმართოს და არა ონლაინ.

"ჩვენ გვაქვს შუამდგომლომები, რომლებიც, ფაქტობრივად, არსებითად არის დაკავშირებული სააპელაციო საჩივართან. გვაქვს ახალი მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გვაქვს მოპოვებული და მის დასაშვებობას მოვითხოვთ.

თუ სასამართლო ჩვენს შუამდგომლობას დააკმაყოფილებს 150 მოწმის ხელახალი დაკითხვის შესახებ, საქმე გვექნება ევროპული სტანდარტის სააპელაციო სასამართლოსთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება მიუკერძოებელი სასამართლოს უფლების დარღვევა", -  განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

კალანდია ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულია. საქალაქო სასამართლომ მას მიმდინარე წლის თებერვალში 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღის ამბები