დღეიდან მერაბ კობიაშვილის საქმის ნაფიცი მსაჯულების შერჩევა იწყება. ბრალდებულის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის ინფორმაციით, მსაჯულების შერჩევის პროცედურა, დაახლოებით, 2 თვე გაგრძელდება. ბრალდებულის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ მერაბ კობიაშვილი აუცილებელი მოგერიების პირობებში იმყოფებოდა და დარწმუნებულია, რომ საქმეს მოიგებს.
"დაიწყება მსაჯულების არჩევის პროცედურა და ეს გაგრძელდება, სავარაუდოდ, 2 თვის განმავლობაში, ამის შემდეგ მხარეები წარვსდგებით გორის რაიონული სასამართლოს წინაშე და დავიწყებთ მტკიცებულებათა გამოკვლევას. პირადად ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის, ეს არის, ალბათ, ყველაზე მარტივად მოსაგები საქმე, ერთი უბრალო მიზეზის გამო, რომ მერაბ კობიაშვილი არის უდანაშაულო და ყველა უტყუარი მტკიცებულება ამას ადასტურებს,"-განაცხადა უფლებადამცველმა.
დაზარალებული მხარე კი აცხადებს, რომ მერაბ კობიაშვილის დანაშაულს სწორედ ვიდეოკამერის ჩანაწერები ადასტურებს.
"არაერთხელ განვაცხადეთ, რომ უკვე დამტკიცდა კიდეც და კადრებიც დაიდო, რომ ეს არ ყოფილა თავდაცვა და არც მოგერიება. შესაბამისად, როგორც ვიცი, ამაზე აღარც მიდის ლაპარაკი, რომ იქ თავდაცვა და აუცილებელი მოგერიება იყო, რადგან ბრალდებული არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, მას მოცემულ მომენტში თავს არავინ ესხმოდა. ის არ იმყოფებოდა იმწუთიერი თავდასხმის მომენტში და არ იყო აუცილებლობა, რომ შიშველი ხელებით მიმავალი ადამიანისთვის ამოეღო და იარაღი ესროლა,"-განაცხადა თამაზ გორთამაშვილის რძალმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ კობიაშვილს გუდაურში, თებერვალში მომხდარ განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ. ამავე დროს, კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6-ს პირს აქვს წარდგენილი.