25 აპრილი 2024,   18:25
ვრცლად
COVID ინფექციის მართვაში ჩართული კლინიკების დაფინანსება სახელმწიფოს გადაწყვეტილებით გლობალური ბიუჯეტით განხორციელდა - ჯანდაცვის მინისტრი

მოხდება თუ არა 9 კლინიკის ხელმძღვანელის მოთხოვნილი გარკვეული პირობების გადავადება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ - ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საკითხზე "დღის კურიერის" ეთერში საუბრობს.

მინისტრის თქმით, იმ კლინიკების დაფინანსება, რომლებიც კოვიდ ინფექციის მართვაში იყვნენ ჩართულნი, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, გლობალური ბიუჯეტით მოხდა. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ აღნიშნული კლინიკების საჭიროებები სახელმწიფომ სრულად გაითვალისწინა.

რაც შეეხება გეგმიური ოპერაციების დაფინანსებას, მინისტრის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი ცვლილება განხორციელდა, რომელიც გულისხმობდა გეგმიური ოპერაციების დაფინანსებას მაქსიმუმ 4 თვის ვადაში. 

"ამასთან დაკავშირებით განმარტება არის შემდეგი, რომ ის კლინიკები, რომლებიც იყვნენ ჩართულები COVID ინფექციის მართვაში, მათი დაფინანსება სახელმწიფოს გადაწყვეტილებით მოხდა გლობალური ბიუჯეტით. აქედან გამომდინარე ამ კლინიკების საჭიროებები სახელმწიფომ სრულად გაითვალისწინა და რა თქმა უნდა, მოხდა მათი პერსონალის სახელფასო ანაზღაურების გათვალისწინებაც, შესაბამისად აქ შეფერხება არ ყოფილა.

რაც შეეხება გეგმიურ ამბულატორიას, გეგმიური ამბულატორიის კომპონენტშიც სახელმწიფოს აქვს კაპიტაციური დაფინანსება, რაც გულისხმობს იმას, რომ აქაც ჩვენ გვაქვს რეალურად პროგნოზირებადი დაფინანსება, რომელიც ყოველთვიურ ჭრილში გადაეცემა დაწესებულებებს. ჩვენ გავააქტიურეთ პირველადი ჯანდაცვა, ანუ გეგმიური ამბულატორია და აქ გვქონდა, როგორც დისტანციური მართვა პაციენტების, ასევე ბინაზე მართვა პაციენტების და ამ ჭრილშიც ჩვენ დაფინანსება რეალურად არ შეგვიცვლია.

რაც შეეხება გეგმიურ ოპერაციებს, რომელიც სახელდება, რომ თითქოს გადავადდა, ამ ჭრილში ჩვენ გვქონდა ერთადერთი ცვლილება, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ გეგმიური ოპერაციების დაფინანსება უნდა მოხდეს არა უგვიანეს 4 თვისა. 

ასევე აუცილებლად არის გასათვალისწინებელი შემდეგი ფაქტი, საქართველოს ჯანდაცვის აუდიტი როდესაც გაკეთდა, იქ ნათლად გამოიკვეთა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კრიტიკული პროცენტული მაჩვენებელი გეგმიურ ოპერაციებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გეგმიური ოპერაციების პროცენტული მაჩვენებელი მწვავე ოპერაციებთან შედარებით არის 80-დან 85%-მდე, საქართველოში ეს მაჩვენებელი იყო ძალიან დაბალი და იყო მხოლოდ 20%.

აქედან გამომდინარე სახელმწიფოს ინტერესი, რა თქმა უნდა არის გეგმიური ოპერაციების წახალისება, ვინაიდან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები და სწორედაც ადრეულ ეტაპზე დასმული დიაგნოზი, შესაბამისად ადრეულ ეტაპზე ჩატარებული გეგმიური ოპერაცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას და ჩვენი სტრატეგია ამ მიმართულებით რჩება უცვლელი," - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკების წარმომადგენლების იმ განცხადებასაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც გეგმიური ოპერაციების დაფინანსების ნაწილში ხარვეზები არსებობს. მინისტრის თქმით, ეს არ შეესაბამება სიმართლეს და მონაცემების მიხედვით, იანვრის თვიდან 30 აპრილამდე მონაკვეთში 52 000-ზე მეტი მოთხოვნაა შესული გეგმიურ ოპერაციაზე, რომლის დაფინანსებაზეც საგარანტიო წერილებს სახელმწიფო ეტაპობრივად გასცემს.

რაც შეეხება იმ 9 კლინიკის მიმართვას, რომლის მიხედვითაც ისინი პანდემიის პირობებში ძალიან დაზარალდნენ, ჯანდაცვის მინისტრი ამას უარყოფს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს არის სექტორი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე იმყოფება და ეს არის ბიზნესი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ყველაზე წახალისებულია.

"ეს პრობლემა სიმართლეს არ შეესაბამება. იანვრის თვიდან 30 აპრილამდე მონაცემები მაქვს მე და ამ პერიოდში შემოსული არის 52 000-ზე მეტი მოთხოვნა გეგმიური ოპერაციის დაფინანსების და შესაბამისად სახელმწიფო გასცემს ეტაპობრივად ყველა ამ ოპერაციის დაფინანსებაზე საგარანტიო წერილებს. აქედან გამომდინარე თუ ჩვენ ამას შევადარებთ 2019 წლის იგივე პერიოდს, აქ რიცხვობრივი ცვლილება არ გვაქვს და წინა პერიოდშიც გეგმიური ოპერაციების რაოდენობა იყო იგივე მონაცემის ფარგლებში.

მე ვიტყოდი, რომ ეს კლინიკები პანდემიის პირობებში არ დაზარალებულან, ვინაიდან ეს გახლავთ ის სექტორი, რომელიც იმყოფება სახელმწიფო ბიუჯეტის პირდაპირ დაფინანსებაზე, რაც გულისხმობს ბიზნესის მიმართ სახელმწიფო გარანტიების არსებობას და ეს არის ბიზნესი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ყველაზე მეტად არის წახალისებული, აქედან გამომდინარე სახელმწიფოს ამ კონკრეტული მიმართულებით გააჩნია კონკრეტული მოთხოვნები და კონკრეტულ ვალდებულებებს აკისრებს ამ ბიზნესს, ვინაიდან კოვიდ ინფექციის პერიოდში ჩვენ ცალსახად დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის სწორი მოწყობა და ჯანდაცვის სისტემის ისეთი ადეკვატური მზაობა, რომელიც აუცილებელია სწორედ პანდემიის პერიოდში იმისათვის, რომ სრულად ვუზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა.

ჯანდაცვის სისტემის სრული მზადყოფნა აისახება ქვეყნის ეკონომიკაზეც და სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ვაანონსებთ, რომ შემოდგომაზე ველოდებით კოვიდ ინფექციის მეორე ტალღას, რომელიც შესაძლებელია იყოს მეტად უფრო რთული და უფრო მაღალ რიცხვებს შეესაბამებოდეს, ვიდრე ეს იყო პირველი ტალღის პერიოდში, ამჯერად მიდგომები ჯანდაცვის სისტემის მიმართ მეტად უფრო გამკაცრდება, გამომდინარე იქედან, რომ არ გვინდა ამ სისტემის სისუსტიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკის დანარჩენი ნაწილი რისკის ქვეშ დავაყენოთ," - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

კლინიკების ხელმძღვანელებმა ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს მიმართეს. მათი თქმით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე მათ საავადმყოფოებს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა და ახლა  სერიოზულ კრიზისს განიცდიან. ასევე, კლინიკების ხელმძღვანელების თქმით, გეგმიურმა მომართვიანობამ და გეგმიურმა ოპერაციებმა იკლო. ხელმძღვანელები მინისტრებს მიმართავენ თხოვნით, მოხდეს მოხდეს გარკვეული ტარიფების გადახედვა და გადავადება.

მიმართვას ხელს აწერენ "ჯოენის" ცენტრი, "ნიუ ჰოსპიტალსი", ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკა, "გული", ანზორ მელიას კლინიკა და ასევე სხვა დაწესებულებები. სულ 9 კლინიკაზეა საუბარი.

დღის ამბები