25 აპრილი 2024,   12:42
ვრცლად
მნიშვნელოვანია, დავიწყოთ იმ სატრანსპორტო საშუალებების გახსნით, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებს - ეკა ლალიაშვილი

"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა იმ სატრანსპორტო საშუალების გახსნით დავიწყოთ, რომელიც ყველაზე უსაფრთხოა. ეკა ლალიაშვილის თქმით, ეს არის ავტობუსი, რომლის შემდეგაც უკვე შეიძლება ვისაუბროთ მეტროს ამოქმედებაზე.

როგორც ეკა ლალიაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, მუნიციპალიტეტიდან ინფორმაციას ელოდებიან, რამდენად უსაფრთხო შეიძლება იყოს მეტროში არსებული განიავების სისტემა და ვენტილაცია. მისივე თქმით, ამ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, ვინაიდან ამაზე დამოკიდებული ის, რომ მეტროს ვაგონებში დავირუსებულმა ჰაერმა არ იტრიალოს.

რაც შეეხება ტრანსპორტის დეფიციტს, ლალიაშვილის თქმით, ამის პრობლემა დედაქალაქს COVID-19-მდეც ჰქონდა, ქალაქი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის დამატებას საჭიროებდა და ახლა აღნიშნული პრობლემა გაორმაგდება.

"ძალიან მნიშვნელოვანია, დავიწყოთ იმ სატრანსპორტო საშუალებების გახსნით, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებს. მე ვიტყოდი, რომ ასეთი დღეს შეიძლება იყოს ავტობუსები.

გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე, განსახილველი საკითხია ამის პარალელურად და ამ ინფორმაციასაც ველოდებით ჩვენ მუნიციპალიტეტისგან, მეტროში რამდენად უსაფრთხოდ შეიძლება იყოს განიავების სისტემა, რადგან განიავებას და ვენტილაციას განსაკუთრებული ყურადღება აქვს, შიგნით რომ არ იტრიალოს დავირუსებულმა ჰაერმა.

ტრანსპორტის დეფიციტი კოვიდამდეც იყო და თქვენ გახსოვთ, მუდმივად ავტობუსების დამატებაზე, ლოდინის დროის შემცირებაზე ვსაუბრობდით. ახლა წარმოიდგინეთ, კიდევ უფრო მეტი მოთხოვნა არის იმიტომ, რომ პრაქტიკულად ნახევარ მგზავრს გადაიყვანს ის კატეგორია ტრანსპორტისა, რომელიც გვყავს, მაგრამ იმედის მომცემი ის არის, რომ ზაფხულის პერიოდია და მობილობა არ არის ისეთი აქტიური, როგორიც იყო წინა პერიოდში. ეს ზაფხული სწორედ იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ ვიფიქროთ, შემოდგომაზე რას ვაპირებთ. 

ეს არ არის მარტივი თემა. აქ მთელი კითხვების ერთობლიობა, რომლებზეც უნდა დავსხდეთ სასაუბრო. არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებმა და გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ვერ მოვიცალეთ ჯერ ამისთვის, ხელისუფლებამ ჯერ ამ ნაწილისთვის ვერ მოიცალა. ამიტომ მოლოდინის რეჟიმში ვართ და დიდი იმედი გვაქვს, ეპიდემიოლოგების მწვანე შუქის შემდეგ და მათი თანხმობის შემდეგ უკვე სატრანსპორტო ჯგუფთან პარალელურად ექნებათ კომუნიკაცია," - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

დღის ამბები